არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია, შესაბამისად, თუ მთელ ოპოზიციას ხელს აძლევს ვადამდელი არჩევნები, დიდი ალბათობით, ახალი ოპოზიციური პარტია შეუერთდება ამ მოთხოვნას
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია, შესაბამისად, თუ მთელ ოპოზიციას ხელს აძლევს ვადამდელი არჩევნები, დიდი ალბათობით, ახალი ოპოზიციური პარტია შეუერთდება ამ მოთხოვნას

ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია. შესაბამისად, თუ მთელ ოპოზიციას ხელს აძლევს ვადამდელი არჩევნები, დიდი ალბათობით, ახალი ოპოზიციური პარტია, როდესაც ის ჩამოყალიბდება, შეუერთდება ამ მოთხოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების გადახედვა ვერ მოხდება, რადგან ის აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომ ფუნდამენტური უფლებების დაცვით და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

„ჩემი მოლოდინი ასეთია. თუმცა, იცით, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში აღმოჩნდა აბსოლუტურად ცარიელი ბრალდება და მთელი ეს პროცესი, დღეს რა ხელოვნურ კრიზისშიც ვართ, დაიწყო სწორედ არჩევნების გაყალბების ბრალდებით. შემდეგ ოპოზიციამ უკან დაიხია თავისივე ბრალდებისგან, როდესაც უარი განაცხადა გადათვლაზე, პარალელური დათვლის შედეგებთან შედარებაზე. უარი განაცხადა ამ საკითხის ერთობლივ გამოძიებაზე. როდესაც ბრალდებას აყენებ და შემდეგ იქიდან გადიხარ ისე, რომ ამის გადამოწმებაც არ გინდა, ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა. ჩემი აზრით, თანამედროვე პოლიტიკაში სამარცხვინოა, როდესაც არ შეგიძლია შენი ბრალდების გადამოწმებაზეც კი არ აიღო პასუხისმგებლობა. იცით, რომ საერთაშორისო ირგანიზაციებმა აღიარეს არჩევნები, როგორც კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარებული, ლეგიტიმური არჩევნები. ასევე, უმაღლეს დონეზე სენატში და ევროპარლამენტშიც საპარლამენტო არჩევნებს აქვს ლეგიტიმაცია. არჩევნები ჩატარებულია და გადახედვა, რასაკვირველია, ვერ მოხდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნეს ისეთი დემოკრატია, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს ასპარეზი.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, მეეჭვება, რომელირაც პოლიტიკურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ თუ ახალმა პარტიამ, რომელსაც ჩამოაყალიბებს გიორგი გახარია, გაუწიოს გადამწყვეტი კონკურენცია და გადამწონი ფაქტორი აღმოჩნდეს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. თუმცა ჩვენ შევქმენით ზუსტად ისეთი დემოკრატია ქვეყანაში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს ასპარეზი. ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, შევქმენით თავისუფალი ველი მედიისთვის და თქვენი კრიტიკული კითხვები ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს, მიკროფონების რაოდენობაც. ამიტომ, ამ დემოკრატიის პირობებში, რა თქმა უნდა, 48 პროცენტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, არის ძლიერი ლეგიტიმაცია. შეგახსენებთ, დასავლეთ ევროპის დემოკრატიებში ბევრად ნაკლები მხარდაჭერითაც კი პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საშუალება და უფლება, ჩამოაყალიბონ მთავრობა, უმრავლესობა. ამიტომ, შემდეგ არჩევნებში, ვარწმუნებ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ მხარდაჭერას მიიღებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.