არჩილ თალაკვაძე - ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვთ დესტრუქციული დღის წესრიგი
არჩილ თალაკვაძე - ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვთ დესტრუქციული დღის წესრიგი

ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციის ამ ნაწილს აქვთ დესტრუქციული დღის წესრიგი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, „მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის საშუალებას და მომავალთან დაკავშირებით მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით.

„მე დღეს მოვისმინე ბატონი რომან გოცირიძის საოცარი განცხადება, სადაც, მან თქვა, რომ „დამხობა“ არის მხატვრული სიტყვა. არ გამოვრიცხავ, რომ უკვე ხვალ თქვან, რომ „დამხობა“ არის მარიონ რასელის ნახატი. ასე ეცდებიან ეს ადამიანები, რომ თავისი უპასუხისმგებლობა აჩვენონ სახელმწიფო ინტერესების მიმართ. რეალურად, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას. ჩვენ გვჯერა ჩვენი საზოგადოების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და პატივს ვცემთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი მიიღებენ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების გზით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.