არჩილ თალაკვაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დღეს წინ ვართ და ეს პროცესი უფრო ეფექტური გახდება
არჩილ თალაკვაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დღეს წინ ვართ და ეს პროცესი უფრო ეფექტური გახდება

საერთაშორისო პარტნიორებმა გვირჩიეს, შეგვერჩია იმდენი მოსამართლე, რომ უზენაეს სასამართლოში ადგილების ნახევარი დარჩენილიყო შემდეგი პარლამენტისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა და დასძინა, რომ პროცესი სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით წარიმართა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ყოველთვის საინტერესოა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები და შეფასებები საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მოსამართლეების შესარჩევად შექმნა ახალი კანონმდებლობა. კანონმდებლობა საერთოდ არ იყო ამ სფეროში, მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ იყო დარეგულირებული. დღეს ჩვენ გვაქვს ეს კანონმდებლობა. ეუთო-ს ანგარიშში არის ამაზე საუბარი, რომ საქართველომ ამ კუთხით გადადგა პროგრესული ნაბიჯები. ასევე წერია, რომ პროცესი იყო ღია და მთელ საზოგადოებას ჰქონდა საშუალება, შერჩევის პროცესისთვის ედევნებინა თვალი და კიდევ ერთი, რასაც ეუთო ანგარიშში უსვამს ხაზს, არის პროცესის პოლიტიზების მცდელობა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან და პირდაპირ შეგიძლიათ, ანგარიშში ეს წაიკითხოთ, რომ ოპოზიციამ არა შესარჩევად გამოიყენა პროცედურები, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ანგარიშში ასევე არის გარკვეული ნაწილები, რომლებსაც მმართველი გუნდი არ ეთანხმება.

„შენიშვნები არის გამოთქმული, რომელსაც არავითარი რეალური საფუძველი და მნიშვნელობა არ გააჩნდა ამ შერჩევის პროცესში, მაგრამ საბოლოო შედეგი არის ის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვირჩიეს, შეგვერჩია იმდენი მოსამართლე, რომ უზენაეს სასამართლოში ადგილების ნახევარი დარჩენილიყო შემდეგი პარლამენტისთვის. ეს ასე არის. გვირჩიეს, რომ შეგვერჩია 10 ახალი მოსამართლე. დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, რა თქმა უნდა, წინ ვართ და ეს პროცესი კიდევ უფრო ეფექტური გახდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.