არჩილ თალაკვაძე - უთანხმოება უნდა დასრულდეს და „ქართული ოცნება“ თავის მხარდამჭერებს არ ეტყვის, რომ 43 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერაზე ვიბრძოლებთ
არჩილ თალაკვაძე - უთანხმოება უნდა დასრულდეს და „ქართული ოცნება“ თავის მხარდამჭერებს არ ეტყვის, რომ 43 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერაზე ვიბრძოლებთ

მიუხედავად იმისა, რომ 40-პროცენტიანი ზღვარი არის კონსტიტუციით გათვალისწინებული, თავად ოპოზიციასთან იყო შეთანხმებული 8 მარტის დოკუმენტით, ოპოზიცია იყო არათანმიმდევრული და მან მოითხოვა ამ ზღვრის გაზრდა. ალბათ, ისინი ფიქრობდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკმარისი თვითშეფასება და რესურსი იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე გაცილებით მეტი მხარდაჭერისთვის იბრძოლებს.

„სწორედ იმიტომ, რომ ჩვენს მხარდამჭერებსა და მოქალაქეებს ვაჩვენოთ, თუ რაოდენ არათანმიმდევრულია ოპოზიცია, როცა ამ ზღვარის გაზრდაზე გვესაუბრებოდა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია ასეთი მოთხოვნის დაყენება და ეს კარგად იციან ევროპელმა კოლეგებმაც, ჩვენ პირველ რიგში დავაყენეთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები. ეს უთანხმოება უნდა დასრულდეს და „ქართული ოცნება“ თავის მხარდამჭერებს არ ეტყვის, რომ 43 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერაზე ვიბრძოლებთ, ჩვენ გაცილებით მაღალ მხარდაჭერაზე ვიბრძოლებთ და დარწმუნებული ვარ, კარგი კამპანიის შემდეგ ასეთ შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.