არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკურ სპექტრში არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოს ეკონომიკას, უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნას
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკურ სპექტრში არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოს ეკონომიკას, უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნას

ლარისა და ვალუტის კურსის მონეტარული, ფისკალური პოლიტიკის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს, ეროვნულ ბანკს კი, ამ პროცესის მართვის პრაქტიკული ინსტრუმენტები გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის აზრით, ლარის კურსის უფრო მეტად დასტაბილურების რესურსი არსებობს.

„რამდენიმე დღის წინ, მოსმენის დროს, საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვები დაისვა. პარლამენტში მიგვაჩნია, რომ არსებობს რესურსი, ლარის კურსი კიდევ უფრო მეტად დასტაბილურდეს. ამისთვის უნდა იყოს გამოყენებული ის ინსტრუმენტები და ჩარევები, რომლებიც კანონით არის დადგენილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე გამოეხმაურა პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ, რომ დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებასა და გამოწვევებზე.

თალაკვაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას შეფასებას იზიარებს.

„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, მან თქვა და შემიძლია გავიმეორო, ნამდვილად, პოლიტიკურ სპექტრში არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ, რომ საქართველოს ეკონომიკას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნას. ასეთი ადამიანები ნამდვილად არსებობენ და მათ ყოველ არჩევნებზე საზოგადოება აფასებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი