არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის წევრებთან ერთად დიპლომატებს შეხვდა და მათთან საპარლამენტო არჩევნების დროს, „კოვიდ19“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის წევრებთან ერთად დიპლომატებს შეხვდა და მათთან საპარლამენტო არჩევნების დროს, „კოვიდ19“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კახა კუჭავასთან და ირაკლი კობახიძესთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან მიხეილ სარჯველაძესთან ერთად შეხვდა.

შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები დაესწრნენ.

საუბარი საპარლამენტო არჩევნების დროს, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. საქართველოს პარლამენტი, მთავრობასთან ერთად მუშაობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულ წესებზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად იქნება გამოყენებული.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე დაესწრო, რომელმაც ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საპასუხო ქმედებებსა და „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების მოთხოვნებზე ისაუბრა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.