არჩილ თალაკვაძე - უკრაინას გადავეცით ჩვენი ხალხის, ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა, მივუსამძიმრეთ მეგობრებს, მაქსიმალურად ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაზეც ამ ვითარებაში შეიძლებოდა საუბარი
არჩილ თალაკვაძე - უკრაინას გადავეცით ჩვენი ხალხის, ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა, მივუსამძიმრეთ მეგობრებს, მაქსიმალურად ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაზეც ამ ვითარებაში შეიძლებოდა საუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რელევანტური არ არის საუბარი, რომ უკრაინაში ვიზიტი დაგვიანებული იყო.

თალაკვაძის თქმით, საქართველო იყო მესამე ქვეყანა, რომელიც რადას სპიკერის მოწოდების შემდეგ საპარლამენტო დელეგაციით ჩავიდა უკრაინაში და გამოხატა თავისი მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელების მიმართ.

„პირველ რიგში, მინდა, გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი მეგობრების, უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც ხაზს უსვამდა საქართველოს და უკრაინის მრავალწლიან მეგობრობას, იმ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ხალხებს შორის არსებობს და რაზეც ასევე ჩვენ, პოლიტიკოსებს ორივე მხრიდან გვაქვს პასუხისმგებლობა. მე მოვისმინე რამდენიმე კომენტარი, რომ ეს იყო დაგვიანებული, ზოგიერთები ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მაგრამ, მოდით, ვთქვათ სიმართლე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთ დროს, როდესაც განსაცდელშია მთლიანად რეგიონი და არა მხოლოდ უკრაინა, როდესაც ევროპაში ასეთი ომი მიმდინარეობს თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. სიმართლე არის ის, რომ როდესაც რადას სპიკერმა მიმართა ღიად ყველა მეგობარი ქვეყნის პარლამენტს, რომ მობრძანდით უკრაინაში და  თქვენი თვალით ნახეთ, რა ხდება, რა მოიტანა ამ ომმა და რა ახლავს თან, საქართველო იყო მესამე ქვეყანა, ორი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს შემდეგ, რომელიც ჩავიდა და რომლის საპარლამენტო დელეგაციაც უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. დაგვიანებული იყო და ა.შ. მგონი, ეს საუბარი არ არის რელევანტური. ეს ვიზიტი იყო მეგობრობის, მხარდაჭერის, სამძიმრის გამოხატვა უკრაინელი ხალხის მიმართ და ასეც მოხდა. თავად ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა ვიზიტმა, ჩვენ გვქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები უკრაინის რადაში, რადას სპიკერთან, ასევე ჩვენს კოლეგებთან, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებთან რადაში და განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ამ ომს, მშვიდობის გარანტიებს, ჩვენი ქვეყნისა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ისაუბრეს თუ არა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის პრობლემატური იყო, თალაკვაძემ უპასუხა, რომ იმასთან მიმართებაში, რაც უკრაინაში ხდება და რაც საკუთარი თვალით ნახეს, დანარჩენი ყველა საკითხი კარგავს თავის მნიშვნელობას ან მეორეხარისხოვანი ხდება.

„პირველ რიგში, რაც აშკარად ჩანდა, არის ის, რომ თვითონ კიევი სრულ მზადყოფნაშია ამ ომისთვის, იქ ახლა არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, პერიოდულად იყო ხოლმე დაბომბვის გამო განგაშის სიგნალები ჩართული, მაგრამ მთელი ქალაქი არის გადატიხრული ტანკსაწინააღმდეგო ბარიკადებით, ქვიშის ტომრებით. წარმოიდგინეთ, პარლამენტის შენობის ყველა სართულზე ფანჯრები არის პრაქტიკულად ამოვსებული ქვიშის ტომრებით, არის შესასვლელები დაბლოკილი სპეციალური ბარიკადებით და ეს ხდება მთელ ქალაქში. ლვოვიდან კიევამდე თითქმის მთელ გზაზე, განსაკუთრებით რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდით კიევს, უკრაინის ულამაზესი ქალაქები და სოფლები თითქმის დაცლილი იყო. ეს მიუთითებს, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაკადი არის ევაკუირებული და ლტოლვილობაში. საქართველოშიც 30 000-მდე ლტოლვილია ჩამოსული, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფო უწევს ახლა მასპინძლობას.

ამის შემდეგ წავედით შეიძლება ითქვას, ომით ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში, ეს არის ირპენი და ბუჩა. საცხოვრებელი კვარტლები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა, მოქალაქეები ცხოვრობენ, იყო არტილერიით დაბომბილი, რაც ნიშნავს, რომ ცეცხლი გაუხსნეს იმ დასახლებებს, სადაც სამოქალაქო პირები ცხოვრობდნენ. არის ინფრასტრუქტურა განადგურებული, გზებზე განადგურებული ჯავშანტექნიკის ნაშთები, საცხოვრებელ კორპუსებს არაერთი ჭურვი აქვს მოხვედრილი, ნახანძრალი ეს ტერიტორიები, ცნობილი ირპინის ხიდი, რომლის ქვეშაც ათიათასობით ადამიანი აფარებდა თავს დაბომბვის დროს, თავის ყველაზე მძიმე სახით ჩვენ ვნახეთ ჩვენი თვალით. ეს ხიდი განასახიერებს, ამ ომში როგორი სამხედრო აგრესია იყო მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართ. სამოქალაქო პირები ძალიან ცოტა არიან იქ, მაგრამ რამდენიმე ადამიანს გავესაუბრეთ. ყველაზე შემაძრწუნებელი იყო ის საერთო საფლავი, სადაც ბუჩაში საომარი მოქმედებების პერიოდში გარდაცვლილი ძირითადად სამოქალაქო პირები იყვნენ დასაფლავებული, დიდი საერთაშორისო ლაბორატორია არის იქ გაშლილი, ექსპერტები, კრიმინალისტები მუშაობენ ძალიან აქტიურად ამ ყველაფრის დოკუმენტირებაზე.

ცეცხლის და არტილერიის კვალი ეტყობოდა ეკლესიებსაც. მოვინახულეთ მართლმადიდებლური ეკლესიები, სადაც ადამიანები ლოცულობდნენ ეკლესიის ქვეშ სარდაფში, როგორც ჩანს იქ იყო მოწყობილი სამლოცველო. მოვინახულეთ კულტურის სახლი, რომელიც არტილერიის დაბომბვაში მოჰყვა. მსხვილკალიბრიანი იარაღით და არტილერიით იყო ეს უბნები დაცხრილული. ვნახეთ ასევე შენობები, სადაც სავარაუდოდ ტყვეები ჰყავდათ დაპატიმრებული, სადაც მოხდა შემდეგ ამ ტყვეების მკვლელობა, ეს ყველაფერი ხდება კიევიდან 20 წუთის სავალზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განმარტებით, უკრაინას გადასცეს ქართველი ხალხის და ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა.

„მივუსამძიმრეთ  ჩვენს მეგობრებს, მაქსიმალურად ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაზეც ამ ვითარებაში შეიძლებოდა საუბარი. დღეს ის პოლიტიკური საკითხები, რაზეც თუნდაც ოპოზიცია აპელირებს, თუნდაც ის კინკლაობები, დელეგაციაში ვინ გამოეშვათ, ვინ – არა, როდესაც იქ ჩავედით, უფრო მეტად დარწმუნდა ყველა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია, როგორც ზოგიერთი ოპოზიციური პარტია იქცევა, როგორ დესტრუქციულადაც იქცევიან და როგორც ცდილობენ, საქართველოს შეულახონ იმიჯი, მათ შორის უკრაინასთან ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა, რომ ეს მართლაც მეორეხარისხოვანია, სირცხვილია, როცა დღეს ამაზე საერთოდ ყურადღება მახვილდება. მნიშვნელოვანი იყო, რომ ოპოზიცია იყო უმრავლესობასთან ერთად დელეგაციაში, ძალიან სწორი იყო პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილება, რომ პირდაპირ, ძალიან ღირსეულად შესთავაზა ოპოზიციას მონაწილეობა და უმეტესობა პარტიები იყვნენ ჩართული ამ დელეგაციაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის სპიკერებს ჰქონდათ ძალიან მეგობრული, კარგი და საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ნამდვილად, ეს იყო პოზიტიური ვიზიტი და უდავოდ წაადგება და დაეხმარება ჩვენს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, უფრო პოზიტიურ ჭრილში გადატანას. ძირითადად ვისაუბრეთ თემებზე, რომლებიც ამ ომს უკავშირდება. ჩვენმა კოლეგებმა გამოთქვეს მადლიერება, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაუჭირა მხარი უკრაინას. ჩვენ ჩვენს მეგობრებს ვუთხარით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ომის დანაშაულების დოკუმენტირება და იურიდიულად დამაგრება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.