არჩილ თალაკვაძე - უგულავა და ბოკერია სხვების შეყვანას ვერ შეძლებენ ისეთ სიებში, რომლებშიც წლების განმავლობაში თვითონ ირიცხებიან
არჩილ თალაკვაძე - უგულავა და ბოკერია სხვების შეყვანას ვერ შეძლებენ ისეთ სიებში, რომლებშიც წლების განმავლობაში თვითონ ირიცხებიან

მინდა დაგამშვიდოთ, რომ გიგი უგულავა და გიგა ბოკერია სხვების შეყვანას ვერ შეძლებენ ისეთ სიებში, რომლებშიც წლების განმავლობაში თვითონ ირიცხებიან, სამწუხაროდ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ოპოზიციის მიერ „შავი სიის“ შედგენასთან დაკავშირებით.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის მიერ სიის შედგენის საკითხს სერიოზულად ვერ აღიქვამს.

„სერიოზულად ვერ აღვიქვამ ამ სიების შედგენას. ბევრი სია მინახავს. სხვადასხვა დროს იყო ეს დაანონსებული, ეს არის გაცვეთილი პოლიტიკური ინსტრუმენტი და არ მგონია, რამე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ სპექტრზე. სანამ დაინტერესდებით უგულავას და ბოკერიას გაკეთებული სიებით, მე გირჩევთ გადმოიღოთ სახალხო დამცველის ანგარიშები, რომლებიც ეხება მათი მმართველობის პერიოდებს, გადმოიღოთ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ეხება ერთ-ერთი მათგანის საქმიანობის პერიოდს და ნახოთ, ეს ხალხი რა სიებში არიან შეყვანილნი, რა საქმეები უკავშირდება მათ პირადად და რა გადაწყვეტილებები იყო მათი პირადი ხელმძღვანელობისას მიღებული. აი, ეს არის სიები, რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული და ჩაწერილია ანგარიშებში, რომლებსაც იცნობს მთელი მსოფლიო, ასევე გირჩევთ, გადმოიღოთ წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშები, თუ სიები გაინტერესებთ ამ სიებს უნდა შეხედოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, კონკრეტულ გადაცდომებსა და დარღვევებზე რეაგირება ყოველთვის ხდებოდა.

„ჩვენს პირობებში ყოველთვის იყო რეაგირება და კონკრეტული მოქმედებები იმასთან დაკავშირებით, რაც იყო დარღვევა და გადაცდომა. „ქართულ ოცნებას“ არასოდეს ჰქონია უპასუხისმგებლო მიდგომა კანონდარღვევის ფაქტებზე და ამის არაერთი ფაქტი შემიძლია, მოვიყვანო, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით სახელმწიფომ პასუხისმგებლობის გადამოწმება პირველ რიგში დაიწყო თავის მხარეს, მხოლოდ იმის შემდეგ შეაფასა იმ ჯგუფების მოქმედებები, რომლებიც ძალადობრივად ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციის „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისიის“ წევრების განცხადებით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა სია 8 იანვარს გამოქვეყნდება. მათივე განცხადებით, გარდა მსხვერპლებისა, ე.წ. შემსრულებლების და გადაწყვეტილებების მიმღებთა სიის ფორმირებაც მოხდება, რომელსაც  საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნიან და მათგან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.