არჩილ თალაკვაძე - უცხოელი კოლეგები დადებითად აფასებენ გადაწყვეტილებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი არ გვეყოლება
არჩილ თალაკვაძე - უცხოელი კოლეგები დადებითად აფასებენ გადაწყვეტილებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი არ გვეყოლება

უცხოელი კოლეგები დადებითად აფასებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, უცხოელები ამ გადაწყვეტილებას სამაგალითო და დემოკრატიულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

„მათ ქონდათ დადებითი რეაქცია და თქვეს, ეს არის სამაგალითო და დემოკრატიული ნაბიჯი, რომ მმართველი პარტია არჩევნებში აძლევს შესაძლებლობას სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გაიმარჯვონ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორ თალაკვაძემ აღნიშნა, კანდიდატის მხარადჭერის თემაზე გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა გადაწყვეტილია, რომ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება.

„თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ამ ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას გავასაჯაროებთ. პოლიტსაბჭოს სხდომაზე გვექნება მსჯელობა და გადაწყვეტილებას გაგაცნობთ, მაგრამ ამ არჩევნებში კანდიდატურას რომ არ ვაყენებთ, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. კანდიდატებს აქვთ შანსები, გაიმარჯვონ პირველ ტურში, თუმცა თუ იქნება მეორე ტური, ესეც დემოკრატიული პროცესისთვის არის ნორმალური”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, პირველი არხის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა სავარაუდოდ 9 სექტემბერს გაიმართება.