არჩილ თალაკვაძე - ტურიზმის სექტორთან დაკავშირებით ხელშესახები პროგრესია, მომავალი წლისთვის სახელმწიფოს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს
არჩილ თალაკვაძე - ტურიზმის სექტორთან დაკავშირებით ხელშესახები პროგრესია, მომავალი წლისთვის სახელმწიფოს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორთან დაკავშირებით ხელშესახები პროგრესია, რაც ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილ დღევანდელ პრეზენტაციაზე ნათლად გამოჩნდა.

„ძალიან საქმიანი პრეზენტაცია ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციას, სადაც პირდაპირ ჩანს ხელშესახები პროგრესი ტურიზმის სექტორთან დაკავშირებით. რამდენიმე რიცხვი მიუთითებს ამაზე. ცხრა მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია წელს საქართველოს, ხუთი მილიონი ტურისტი ოთხ დღეზე მეტ ხანს იმყოფებოდა საქართველოში და ერთიანმა შემოსავალმა სახელმწიფოსთვის ტურიზმის ინდუსტრიიდან  სამ მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. გამოჩნდა ახალი სამუშაო ადგილები, ინდუსტრიის განვითარება, როგორიც არის სასტუმროები, რესტორნები სხვადასხვა სერვისი, მაგალითად, ტრანსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდათ დამატებითი შემოსავალი და დასაქმების ახალი შესაძლებლობები“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განმარტებით, ტურიზმის მიმართულებით მომავალ წელს სახელმწიფოს უფრო ამბიციური გეგმები აქვს.

„ყველაფერ ამას ემატება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს. ეს არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, დამატებითი სერვისები ტურისტებისთვის და პლუს აქტიური სარეკლამო კამპანიები. განსაკუთრებით გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტურიზმის ადმინისტრაციამ სწორი სტრატეგია აირჩია და ახდენს ტურიზმის ნაკადების დივერსიფიკაციას, რომ საქართველო არ იყოს რომელიმე ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღინიშნა, რომ 2019 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ცხრა მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1 პროცენტია.