არჩილ თალაკვაძე - თქვენი მხარდაჭერით ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები, რომლითაც მოქალაქეებს ქვეყნის მმართველობაზე უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი გექნებათ
არჩილ თალაკვაძე - თქვენი მხარდაჭერით ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები, რომლითაც მოქალაქეებს ქვეყნის მმართველობაზე უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი გექნებათ

თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რისი გაკეთება შევძელით ერთად და რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში. ალბათ, ეს ორი კითხვაა სწორედ ის, რასაც პასუხობს ადამიანი, როდესაც თავის არჩევანს აკეთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სამტრედიაში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე წარადგინა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, ქვეყანაში დაეცვა მშვიდობა და სტაბლურობა, შეძლო, ყველაზე უკეთ ეზრუნა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მისი უფლებების დაცვაზე. მისივე განცხადებით, მმართველმა გუნდმა შეძლო ისიც, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია.

„ჩვენ გავატარეთ პრაგმატული, ძალიან დაბალანსებული და პროგრესული საგარეო პოლიტიკა. გვაქვს წარმატებები როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. ჩვენ შევძელით ახალი სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი საქმე რჩება.

„სიღარიბისა და უმუშევრობის პირისპირ რჩებიან ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდბათ სახელმწიფოს პირდაპირი დახმარება. იმედი გვაქვს, განვამტკიცებთ ნდობას თქვენთან, საზოგადოებასთან და მომავალზეც ავიღებთ პასუხისმგებლობას. ამისთვის ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი და გვაქვს გეგმა, რომელიც დაფუძნებულია განათლების ფუნდამენტურ რეფორმებზე, დემოკრატიის გაძლიერებაზე, ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. რაც მთავარია, გვყავს ძლიერი ლიდერი და გვაქვს ხედვა, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი“,- მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დიდი გამოწვევაა პანდემია, რომელმაც გამოცდის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო და არაერთი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაც.

„ჩვენ შევძელით და თქვენი მხარდაჭერით განვახორციელეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები. წელს ვატარებთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ თქვენგანს გექნებათ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი ხელისუფლებაზე, გექნებათ უფრო მეტი მონაწილეობის შესაძლებლობა ქვეყნის მართვის პროცესში, უფრო უკეთ დაგეგმავთ თქვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და თქვენი შვილების განათლებას, თქვენი ოჯახების ხანდაზმული წევრებისთის უფრო უკეთ აირჩევთ იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც თქვენთვის მისაღებია. აი, ეს არის, რასაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ. რასაკვირველია, რჩება ბევრი გამოწვევა, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს არის გაკეთებადი და ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენს ქვეყანას კიდევ მეტი ახალი წარმატება მოვუტანოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.