არჩილ თალაკვაძე - თქვენ რომ ადამიანებს სახურავებზე ალაგებდით, დღეს უკვე თქვენი ლიდერია იმ სახურავზე ასული
არჩილ თალაკვაძე - თქვენ რომ ადამიანებს სახურავებზე ალაგებდით, დღეს უკვე თქვენი ლიდერია იმ სახურავზე ასული

თქვენ არ იყავით, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი რომ სცემეთ? მომდევნო გამოსვლაში იქნებ ბოდიში მაინც მოუხადოთ მაგ ჟურნალისტს,- ასე მიმართა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან აკაკი ბობოხიძეს.

„მინდა ვუპასუხო კაკო ბობოხიძეს, როგორც ჩანს, კოლეგებმა მთლად სწორად ვერ გადასცეს ჩემი დანაბარები.

მე პასუხი გავეცი თქვენს კომენტარს, როდესაც შემოგვთავაზეთ, რომ წავიდეთ ერთი და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესები დავათვალიეროთ, რა ხდება შიგნითო, გაგიმეორებთ კიდევ ერთხელ, რაც მაშინ ვთქვი – სხვის ბიზნესებს რომ ათვალიერებდით, იმიტომ გადაგირჩიათ ხალხმა.

უბრალოდ, ცოტა ვაჟკაცობა უნდა გვეყოს და სანამ სხვას ვასწავლით ჭკუას, რჩევებს მივცემთ, ცოტა ჩვენს წარსულსაც უნდა გადავხედოთ.

თქვენ არ იყავით, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი რომ სცემეთ? მომდევნო გამოსვლაში იქნებ ბოდიში მაინც მოუხადოთ მაგ ჟურნალისტს.

პოლიტიკაში არის ასეთი პრინციპი, რომ ტყუილს 24 საათში პასუხი თუ არ გაეცი, ითვლება სიმართლედ უკვე.

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრს წამოაძახა, რომ თქვენი მთავრობა არის კორუმპირებულიო, ადამიანის უფლებების დამრღვევიო და გამოუძიებელ საქმეებს აგროვებსო. თქვენ დროს კორუფცია იყო ელიტური, თქვენ ართმევდით ხალხს საკუთრებას, მერე თავის საკუთრების დაბრუნებაში ფულს ახდევინებდით და კიდევ თუ რამე ჰქონდა დარჩენილი, მერე იმას დაჭერის შემდეგ ართმევდით ციხეში წამებით და ცემით. მანქანები, უძრავ-მოძრავი ქონება გაგქონდათ-გამოგქონდათ, სახლებს უნგრევდით ხან თაბუკაშვილზე, ხან სხვადასხვა რეგიონში ადამიანებს.

ყველა მაგ საქმეზე არის დაწყებული გამოძიება და ხომ არ გახსენდებათ, რომელი საქმე გამოიძიეთ თქვენი მმართველობის პერიოდში, გამოუძიებელ საქმეებზე რომ გველაპარაკებით, ან ერთი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ან მეორის, ან საკუთრების უფლების ხელყოფის, რამე გაქვთ გამოძიებული აქეთ რომ ლაპარაკობთ ასე მაღალ ტონალობაში? არაფერი არ გაქვთ გამოძიებული. რაც შეეხება ადამიანის უფლების დარღვევებს – ადამიანის უფლებების დარღვევებზე თუ რამე ლიტერატურა არის საჭირო, ან ქრესტომათიული ინფორმაცია სტუდენტებისთვის, იცოდეთ, რომ ერთ-ერთი რეფერენსი ხართ თქვენ, თქვენი მმართველობის დროს რაც ხდებოდა, მაგას ალბათ უკვე, როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, ლექტორები ასწავლიან სტუდენტებს არა მხოლოდ საქართველოში.

რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევებს, მგონი სიმბოლურია,რომ თქვენ რომ ადამიანებს სახურავებზე ალაგებდით, დღეს უკვე თქვენი ლიდერი არის იმ სახურავზე ასული. “,- განაცხადა თალაკვაძემ.