არჩილ თალაკვაძე - ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე საქმე რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს და არა ე.წ. დე-ფაქტო ხელისუფლებასთან
არჩილ თალაკვაძე - ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე საქმე რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს და არა ე.წ. დე-ფაქტო ხელისუფლებასთან

საქართველოს მხარემ როდესაც მოითხოვა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, გვიპასუხეს, რომ ისინი ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას რუსეთის ფედერაციიდან, ხოლო როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, რომ ცხედარი დაუყოვნებლივ გადმოასვენონ და ეს დასკვნა შესაძლოა, შემდეგ მივიღოთ, თქვეს, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გამართონ რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ეს პასუხი სწორედ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და არა ე.წ. დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, რომელიც არ იღებს რეალურ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, მოხდა არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლებისა და სიცოცხლის ხელყოფა, პასუხისმგებლობა კი ცალსახად რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

„აშკარაა, რომ მოხდა არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლებისა და სიცოცხლის ხელყოფა. ამაზე პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ჩვენი რეაქცია ძალიან მკვეთრია და მომხდარ ფაქტზე საერთაშორისო საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. რეზოლუციის ინიცირება მოვახდინეთ, სადაც ფაქტზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვებას ვითხოვთ. მიგვაჩნია, რომ ამ მექანიზმების გარეშე შეუძლებელია რისკები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით არსებობს, თავიდან იყოს აცილებული. მსგავსი პროვოკაციები და ასეთი გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი ფაქტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელს ვერ შეუშლის. დრო მოვა, როცა დამნაშავეები დასჯილები იქნებიან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ფაქტს სამართლებრივი პასუხი გაეცეს. ჩვენ ყველანი ვართ ერთი ოჯახი, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი არ დგას ცალკე. ხელისუფლებას რა ბერკეტიც აქვს, ყველა ბერკეტს იყენებს, რომ ცხედარი დროულად გადმოასვენონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.