არჩილ თალაკვაძე - ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია პრაქტიკულად მზად არის
არჩილ თალაკვაძე - ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია პრაქტიკულად მზად არის

ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია პრაქტიკულად მზად არის და მთავრობამ მზადყოფნა გამოხატა, დამტკიცებისთანავე პარლამენტში წარმოადგინოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე შედგა. მისივე თქმით, საუბარი გაიმართა ოპოზიციასთანაც.

„როგორც ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, ასევე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით კონკრეტული მსჯავრდებული და ბრალდებული პირები არიან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, ერთი მხრივ, პასუხისგებაში მიეცნენ და მათ მიმართ მართლმსაჯულება განხორციელდეს. მეორე მხრივ კი მათ საერთაშორისო მასშტაბით ყველანაირ შეზღუდვებს შევუქმნით, რათა ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე იგრძნონ, თუ რას ნიშნავს ადამიანის უფლებებისა და სიცოცხლის ხელყოფა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მუშაობა დაწყებულია, რათა საერთაშორისო ფორმატებში რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდეს.

„ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე როგორც სახელმწიფოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან მკაცრი და ერთმნიშვნელოვანი შეფასება ჰქონდათ, რომ ეს იყო უმძიმესი დარღვევა. მუშაობა დაწყებულია, რომ საერთაშორისო ფორმატებში ზეწოლა გაგრძელდეს იმ სახელმწიფოზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე არის პასუხისმგებელი. ეს არის რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი. ყველა საერთაშორისო რეზოლუცია, ყველა განხილვა და განცხადება, რაც გაკეთებული იქნება, ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს ამ პასუხისმგებლობას“, – დასძინა თალაკვაძემ.