არჩილ თალაკვაძე - „ვაშინგტონ ეგზამინერში“ თამარ ჩუგოშვილის სტატია არის მნიშვნელოვანი გზავნილი და პასუხი დეზინფორმაციაზე
არჩილ თალაკვაძე - „ვაშინგტონ ეგზამინერში“ თამარ ჩუგოშვილის სტატია არის მნიშვნელოვანი გზავნილი და პასუხი დეზინფორმაციაზე

თამარ ჩუგოშვილის სტატია არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და პასუხები ძირითადად იმ დეზინფორმაციაზე, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ავრცელებს საქართველოს იმიჯის საზიანოდ, – ასე ეხმაურება არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის სტატიას, რომელიც გამოცემაში – „ვაშინგტონ ეგზამინერი“ გამოქვეყნდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ოპოზიციის იმ ნაწილსაც, რომელმაც პუბლიკაციის გამოცემაში გამოქვეყნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვად შეაფასა.

„ალბათ, ზუსტად ოპოზიციის ამ ნაწილს არ ესიამოვნა ამ სტატიის წაკითხვა. იქ არის გაკეთებული ძალიან ძლიერი აქცენტები. რაც შეეხება აპელირებას დანახარჯებზე, შემთხვევით ეს ის ოპოზიცია ხომ არ არის, ვინც გრიფით საიდუმლო მუხლით ხარჯავდა მილიონებს ლობისტების დაქირავებაზე და ლობისტური საქმიანობის დაფინანსებაზე, რომელიც, სხვათა შორის, ქვეყნის ინტერესებისთვის იყო მიმართული თუ მათი ვიწროპარტიული ინტერესებისკენ, ამას პასუხი ჯერ კიდევ უნდა გაეცეს მათი მხრიდან. ამიტომ, თამარ ჩუგოშვილზე საუბარს, ურჩევნიათ, კითხვებზე გასცენ პასუხი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ვაშინგტონ ეგზამინერი“ (Washington Examiner) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის სტატია გამოაქვეყნა.

პუბლიკაციაში სახელწოდებით – „რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამავე გამოცემის ერთ-ერთ ავტორს, ტომ როგანს პასუხობს, რომელმაც საქართველოს შესახებ სტატია ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა.

ჩუგოშვილის თქმით, ტომ როგანი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ ტრამპი უნდა ეწვიოს საქართველოს, თუმცა ზოგიერთი მისი შეფასება მცდარია, რადგან ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დისკუსიას ეფუძნება.