არჩილ თალაკვაძე - სტრატეგიულ პარტნიორებს მივაწვდით მეტ არგუმენტს, რეალურად როგორ ჩამოყალიბდა პოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე
არჩილ თალაკვაძე - სტრატეგიულ პარტნიორებს მივაწვდით მეტ არგუმენტს, რეალურად როგორ ჩამოყალიბდა პოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

საერთაშორისო, სტრატეგიულ პარტნიორებს აუცილებლად მივაწვდით მეტ არგუმენტს, გვექნება მეტი საუბარი, თუ რეალურად როგორ მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოყალიბება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმის პროცესი, რომლის განხორციელებაც ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით იგეგმება, ბოლომდე შესრულდება.

„რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორებს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება, შეფასება, რომელიც პირველ მომენტში გაკეთდა მათი მხრიდან, ჩვენი მხრიდან არის მიღებული როგორც ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების განცხადებები. შესაბამისად, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ და გავაკეთებთ ხვალ, მომავალში, აუცილებლად მივაწვდით მათ მეტ არგუმენტს, გვექნება მეტი საუბარი, თუ რეალურად როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამ პოზიციის ჩამოყალიბება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას იღებდა პარლამენტი და ამ პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც არიან არჩეულები.

შესაბამისად, ჩვენ გვექნება მეტი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. მინდა შეგახსენოთ, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც ეს კონსტიტუციაში ავსახეთ ერთი წლის წინ, ეს არის დღეს კონსტიტუციის ტექსტში და პროპორციული არჩევნების გადმოწევა 2020 წელს, სამწუხაროდ, არ იქნა გუშინ დამტკიცებული პარლამენტის მიერ. თუმცა ძირითადი საარჩევნო რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს და იგეგმება ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეს არის პროცესში და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს. ნებისმიერ განცხადებას ვიღებთ როგორც ჩვენი მეგობრების პოზიციას და მომავალში მათ მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას“, – განაცხადა თალაკვაძემ.