არჩილ თალაკვაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მეტ საფუძველს ქმნის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შევძლოთ
არჩილ თალაკვაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მეტ საფუძველს ქმნის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შევძლოთ

სრულად მხარს ვუჭერ ინიციატივას, რომ პარლამენტში გავმართოთ კომიტეტების გაერთიანებულ ფორმატში მოსმენა იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგში დავის მოსაგებად საქართველოს მხარემ გაწია, – ამის შესახებ საქართველო პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიული, სამართლებლივი გამარჯვებაა, რაც მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოახერხოს.

თალაკვაძემ ყველა საჯარო მოხელეს, ვინც აგვისტოს ომის საქმეზე მტკიცებულებების შეგროვებაში იღებდა მონაწილეობას, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

„მართლაც მასშტაბური სამუშაოა ჩატარებული. ეს არის ისტორიული, სამართლებრივი გამარჯვება საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, ქმნის მეტ საფუძველს და გვაძლევს მეტ შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანი, საერთაშორისო სამართლებრივი პროცესით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილთა დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.

ამ კუთხით შეუფასებლად დიდი მნიშვნელობა აქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. მინდა, კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ყველა იმ თანამდებობის პირს და საჯარო მოხელეს, ვინც შეძლეს მტკიცებულებების შეგროვება, მათი დამაგრება საქმეზე, დოკუმენტირება და წარდგენა სტრასბურგის სასამართლოში, ვინც შეძლეს საქართველოს ინტერესების ჯეროვნად წარმოდგენა ევროსასამართლოში და ამ საქმის გამარჯვებაში თავისი წვლილის შეტანა. ეს მართლაც არის დიდი საქმე, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. ვთხოვ კომიტეტებს, რომ კონსულტაცია გამართონ მთავრობის შესაბამის წევრებთან და შევარჩიოთ ის თარიღი, როდესაც ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას სინამდვილეში, რა სამუშაოები გაიმართა, რომელ წელს რა მტკიცებულებების შეგროვება და წარდგენა მოხდა სტრასბურგის სასამართლოში. ასევე, მნიშვნელოვანია, ჩვენ უფრო მეტად ვისაუბროთ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის მოსამართლეებმა მიიღეს, რეალურად, რაზე საუბრობს და რა პერსპექტივას აძლევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში“, – განაცხადა არჩილ ტალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი