არჩილ თალაკვაძე - დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებებზე ერთი ნაბიჯით წინ იყო
არჩილ თალაკვაძე - დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებებზე ერთი ნაბიჯით წინ იყო

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებებზე ერთი ნაბიჯით წინ იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

სუს–ი საფრთხეებზე მუდმივად მუშაობს. მათ შორის იმ ლოკაციებზე, სადაც რისკები განსაკუთრებით მაღალია. სტანდარტულად, ტერაქტების შესახებ ვიგებთ მაშინ, როცა ტერორისტები მოქალაქეებს ესხმიან თავს. დღეს კი, საქართველოს სუს–მა დამნაშავეთა მოქმედებებს დაასწრო.

ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ ღონისძიებებს საუკეთესო პრაქტიკის თანახმად ვახორციელებთ. ეს არის ოთხი ძირითადი მიმართულება. პირველი ეს არის უსაფრთხოების პრევენცია, რადიკალიზაციის რისკების აღკვეთა, სოციალ–ეკონომიკური ფაქტორები, სოციალური მედია და ასე შემდეგ.

მეორე მიმართულება ეს არის უსაფრთხოების დაცვის მზაობა. მესამე არის ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენელთა დევნა, როცა მათ ხელს ვუშლით ერთმანეთთან კომუნიკაციაში, ფულის გათეთრებაში და ასე შემდეგ.

მეოთხე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის რეაგირება, როცა კრიზისული ვითარების დროს საჭიროა სამოქალაქო თავდაცვა, რისკების უშუალო მართვა, ადგილზე ჩარევა, ინტერვენციები და საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლთა მხარდაჭერა. ამ ოთხი მიმართულებით, ჩვენი სამსახურების შესაძლებლობები გაზრდილია, რაც ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამსახურებაა“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

პირველი არხის ანალიტიკოსის, რეზი ქოიავას შეკითხვაზე, იყო თუ არა რელევანტური საგარეო დაზვერვის სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან შეერთება, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საგარეო დაზვერვა არ უქმდება. უბრალოდ, ერთი ფუნქცია მეორე ადგილას გადადის.

„საგარეო დაზვერვას შევაფასებდი, როგორც მაღალი პროფესიონალური რეპუტაციის მქონე სამსახურს. ვერ ვიტყვი, რომ საგარეო დაზვერვა უქმდება. მთავრობის ხედვა ასეთია, რომ უბრალოდ, ერთი ფუნქცია მეორე ადგილას გადადის. მნიშვნელოვანია, რომ ფუნქცია დაცული იყოს და ქვეყანას ამ მიმართულებით მუშაობის სრული შესაძლებლობა ჰქონდეს. ჯერჯერობით, პარლამენტში არ გვქონია იმ არგუმენტებისა და მოლოდინების განხილვა, რაც ამ ცვლილებას თან ახლავს. თუმცა, აუცილებლად გვექნება. მათ შორის – ნდობის ჯგუფის ფორმატშიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გადაცემის სტუმარს შეკითხვა დაუსვა პირველი არხის ჟურნალისტმა, გიორგი ცხვიტავამაც. მის შეკითხვაზე, ვინ განსაზღვრავს საფრთხეებს უსაფრთხოების სისტემის რეორგანიზაციის პირობებში და რომელმა ინსტიტუციამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, უშიშროების საბჭო თავდაცვის საბჭოდ გარდაიქმნება.

„ის უწყებები, რომლებიც მშვიდობიანობის დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძირითად ფუნქციებზე არიან პასუხისმგებელი, ომისა და საგანგებო ვითარების დროს, იგივე უწყებები, იგივე მინისტრები ქმნიან საბჭოს, რომელიც საომარი ვითარებისა და საგანგებო სიტუაციის მართვაზე პასუხისმგებელი ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ვის შეუძლია, უკეთ მართოს სიტუაცია, ვიდრე ეს შეუძლია იმ უწყებებსა და ადამიანებს, რომლებიც ამას მშვიდობიანობის დროს ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ.

ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორისა და საერთაშორისო მიმომხილველის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტები, რომლებიც საფრთხეების შეფასებასა და მოქმედების სტრატეგიას განსაზღვრავს, უმრავლესობის ლიდერმა თქვა, რომ სხვადასხვა უწყებას განახლებული გეგმები აქვს. მათ შორის, კრიზისების საბჭოს აქვს უსაფრთხოების სფეროში ახალი პოლიტიკის დოკუმენტები.

 

ავტორი: მაკა დარსაველიძე

დატოვე კომენტარი