არჩილ თალაკვაძე - სომხეთის დელეგაციამ არ მიიღო მონაწილეობა გაერო-ს ასამბლეაზე იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში, ეს მეგობრული ჟესტია და ვაფასებთ
არჩილ თალაკვაძე - სომხეთის დელეგაციამ არ მიიღო მონაწილეობა გაერო-ს ასამბლეაზე იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში, ეს მეგობრული ჟესტია და ვაფასებთ

სომხეთის დელეგაციამ არ მიიღო მონაწილეობა გაერო-ს ასამბლეაზე, იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში, ეს ძალინ მეგობრული ჟესტი იყო და ჩვენ ამას ვაფასებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ შეხვედრისას ოკუპაციის შესახებ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ეს არ არის გაყინული კონფლიქტი. ეს არის ყოველდღიური პრობლემები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს უკანონოდ აპატიმრებენ და იტაცებენ. ასევე არის კონტრაბანდა, ისმის მუქარები, ტრეფიკინგი და სხვა პრობლემები. ზოგიერთი შემთხვევა ძალიან დიდ რეზონანსსა და პროტესტს იწვევს საზოგადოებაში. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს და ერს, ამასთან გამკლავება ყოველდღიურად გვიწევს.

მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ოკუპაცია მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება დასრულდეს. ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების გზით, საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიის განმტკიცებით მივაღწევთ მომენტს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი გახდება. ამისთვის, შარშან წამოვიწყეთ ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ამ პროგრამის საშუალებით უპირობოდ ვუზიარებთ სერვისებს, ჯანდაცვის სისტემას, ვაჭრობის, ბიზნეს შესაძლებელობებს და განათლების პროგრამებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ. ეს მნიშვნელოვანი ნდობის აღდგენისთვის და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ. მინდა, მადლიერება გამოვხატო, რომ თქვენი ქვეყნის დელეგაციამ არ მიიღო მონაწილეობა გაერო-ს ასამბლეაზე იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში, ეს ძალინ მეგობრული ჟესტი იყო და ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, ასამბლეის 79-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი, ხმა 15-მა მისცა. კენჭისყრაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა 57-მა წარმომადგენელმა. კენჭისყრას არ ესწრებოდა სულ 39 ქვეყანა, მათ შორის – ავღანეთი, სომხეთი და თურქმენეთი. სომხეთი რეზოლუციას ყოველწლიურად წინააღმდეგ აძლევდა ხმას.