არჩილ თალაკვაძე - სჯობს, რადიკალურმა ოპოზიციამ წაიკითხოს ნატო-ს ანგარიშები, გაეცნონ ნატო-ს მისიებში ქვეყნის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას 
არჩილ თალაკვაძე - სჯობს, რადიკალურმა ოპოზიციამ წაიკითხოს ნატო-ს ანგარიშები, გაეცნონ ნატო-ს მისიებში ქვეყნის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას 

უმჯობესი იქნება, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა წაიკითხონ ნატო-ს ანგარიშები და გაეცნონ ინფორმაციას, რომელიც საქართველოში ჩატარებულ წვრთნებსა და ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობას უკავშირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რომ „ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ვერანაირი მესიჯით ვერ მიდის სამიტზე და არ აქვთ მოლოდინი, რომ სამიტი რამე შედეგით დასრულდება“.

თალაკვაძის თქმით, „ეს ოპოზიციის დაზეპირებული განცხადებაა, რომელსაც წლების განმავლობაში იმეორებენ“.

ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი დღის წესრიგი, გააკრიტიკოს საკუთარი ქვეყანა, როგორმე დააზიანოს სახელმწიფო მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები მოიპოვოს.

„საქართველო არის ნატო-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი და არაწევრ ქვეყნებს შორის ის სახელმწიფო, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ნატო-ს საერთაშორისო მისიებში. ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულ მზადყოფნაშია გაწევრიანებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა მიღებული იყოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც საქართველო იმსახურებს. საქართველო ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

რაც შეეხება კრიტიკას, გვესმის, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი დღის წესრიგი, გააკრიტიკოს საკუთარი ქვეყანა, როგორმე დააზიანოს სახელმწიფო მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები მოიპოვოს, თუმცა საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არჩევნებზე ამას სათანადოდ აფასებს. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისა და ხელისუფლების თითოეული ლიდერის მოლოდინია, რომ ნატო ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს საქართველოსთან მიმართებით და ის გზავნილი, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იყო გაკეთებული თავის დროზე, გაძლიერდება და სამომავლო განვითარების ტრაექტორიას ცხადად გამოაჩენს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.