არჩილ თალაკვაძე - სისხლის სამართლის საქმეები არ შეიძლება, ყოფილიყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი
პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, ჩაერიოს სასამართლოს და პროკურატურის საქმიანობაში, შეთანხმების ტექსტშიც, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ეს წერია, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ოპოზიცია გვეუბნება, შეასრულეთ დაპირება და ჩაერიეთ სასამართლოს და პროკურატურის გადაწყვეტილებებშიო. ეს შეთანხმების ნაწილი ვერ იქნებოდა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღევანდელი წერილით ელჩები მხარეებს, ყველა ხელმომწერს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა და ცვლილებები დაამტკიცონ.
მისივე თქმით, ელჩების ერთობლივ განცხადებაში ჩანს, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება არის გრძელვადიანი ამოცანა, შესაბამისად ის საარჩევნო სისტემის კენჭისყრაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმით ოპოზიცია დადებულ შეთანხმებას და მიცემულ პირობას არღვევს.
„როდესაც პარტია, რომელმაც დადო შეთანხმება, ხელი მოაწერა დოკუმენტს, აიღო პასუხისმგებლობა ამ ცვლილებების მხარდაჭერაზე და შემდეგ აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს ამ ცვლილებებს, არღვევს შეთანხმებას, იქცევა უპასუხისმგებლოდ და რჩება თამაშგარე და შეიძლება პარლამენტს გარეც”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.