არჩილ თალაკვაძე - შეწყალებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას სამმაგ სტანდარტს დავარქმევდი
არჩილ თალაკვაძე - შეწყალებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას სამმაგ სტანდარტს დავარქმევდი

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების ნაწილს შეწყალებასთან დაკავშირებით „სამმაგი სტანდარტის“ დამოკიდებულება აქვს.

შეწყალებასთან დაკავშირებით, ვხედავთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას, რასაც დავარქმევდი სამმაგ სტანდარტს. როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ჩვენ ვაკრიტიკებდით მისი შეწყალების გადაწყვეტილებებს და „ენ“ რაოდენობით ასეთი გადაწყვეტილებები ჰქონდა მიღებული, ეს ხალხი იყო სწორედ, ვინც მაშინ ამბობდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები. არანაირი კრიტიკა მათ არ გამოუთქვამთ. შემდეგ, როდესაც ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით შეწყალების გადაწყვეტილებებს, ისევ ეს ხალხი იყო, ვინც ამბობდა, მმართველი პარტია თავს ესხმის პოლიტიკურად პრეზიდენტსო. დღეს, როდესაც იგივე შეწყალების გადაწყვეტილებები კითხვის და კრიტიკის საგანია, ისევ ეს ხალხი არის, ვინც ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. როგორც ვხედავთ, სამ ერთნაირ შემთხვევაში, სამ სტანდარტულ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდათ განსხვავებული რეაქცია, რაც სამმაგი სტანდარტია. ამიტომ, მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, როდის იყვნენ გულწრფელები და როდის უჭერდნენ მხარს სიმართლეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებაში დღესაც არის კითხვები შეწყალების პროცესთან დაკავშირებით. თალაკვაძის განცხადებით, მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ პროცესში. „ეს არის მისი კომპეტენციის სფერო, მისი დისკრეცია. ამას არეგულირებს პრეზიდენტის ბრძანებულება და პრეზიდენტის ბრძანებულებაში უნდა შევიდეს ცვლილებები. პრეზიდენტმა უკვე მოგვმართა. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ თანამშრომლობაზე. ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე. ჩვენ ვართ საპარლამენტო ხელისუფლება და პასუხისმგებელი ვართ, კანონების შექმნასა და მისი აღსრულების მონიტორინგზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სასჯელაღსრულების სისტემაში.

„დაინერგა პატიმრობის ალტერნატიული მეთოდები ისეთი, როგორიც არის ელექტრონული პატიმრობა, როგორიცაა ღია დაწესებულებები, სადაც პატიმრებს აქვთ ოჯახთან კავშირების შენარჩუნების შესაძლებლობა, ასევე ისეთი დაწესებულებები, სადაც მაგალითად, შაბათ-კვირას პატიმრებს შეუძლიათ, რომ ოჯახებში გაატარონ დრო. ვფიქრობ, ასეთ ფონზე თვითონ შეწყალების, როგორც მექანიზმის მნიშვნელობა შეუდარებლად შემცირებულია დღეს. რიცხვებშიც თუ ნახავთ, თანდათან ამ წლების განმავლობაში მცირდებოდა შეწყალების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.