არჩილ თალაკვაძე - შეწყალებასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები რეალურად სამმაგი სტანდარტია, თუ მათ საზოგადოება ადგილს არ მიუჩენს, სიმართლისა და სიცრუის გარჩევა რთული იქნება
არჩილ თალაკვაძე - შეწყალებასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები რეალურად სამმაგი სტანდარტია, თუ მათ საზოგადოება ადგილს არ მიუჩენს, სიმართლისა და სიცრუის გარჩევა რთული იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, მსჯავრდებულთა შეწყალებებთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებში სამმაგი სტანდარტი იკვეთება.

თალაკვაძე ყოფილი პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებებს და ამ საკითხებზე გაკეთებულ განცხადებებსაც იხსენებს.

„როდესაც ექსპრეზიდენტმა, სააკაშვილმა შეიწყალა გირგვლიანის მკვლელები, მაშინ ბევრი ახლანდელი კრიტიკოსი არანაირი წუხილებით არ გამოსულა. შემდეგ, როდესაც ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი იწყალებდა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს და „ქართული ოცნება“ მას აკრიტიკებდა, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს არის პოლიტიკური შეტევა პრეზიდენტზე. დღეს, როდესაც შეიწყალა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ პირველები, ვინც დაუყონებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვენ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტთა განცხადებებზე პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, თუ სამმაგი სტანდარტის მქონე ადამიანებს საზოგადოება ადეკვატურ შეფასებას არ მისცემს და ადგილს არ მიუჩენს, სიმართლისა და სიცრუის გარჩევა რთული იქნება.

„ეს არის სამმაგი სტანდარტი, თუ ჩვენი საზოგადოება ამას ადეკვატურ შეფასებას არ მისცემს და ადამიანებს, ვინც სამ სხვადასხვა შემთხვევაში, სამჯერ სხვადასხვანაირად საუბრობდნენ, არ მიუჩენს თავის ადგილს  საზოგადოებასა და პოლიტიკაში, მაშინ ძალიან რთული იქნება სიმართლის და სიცრუის გარჩევა ჩვენს ქვეყანაში. ფაქტია, სამჯერ, ერთსა და იმავე საკითხზე, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა თანმიმდევრული პოზიცია და ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ არათანმიმდევრული, სამივეჯერ განსხვავებული  პოზიცია”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.