არჩილ თალაკვაძე - შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი პუნქტი არის ამნისტიის კანონი, ჩვენ ამას განვახორციელებთ ზუსტად ისე, როგორც იყო ხელმოწერილი
არჩილ თალაკვაძე - შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი პუნქტი არის ამნისტიის კანონი, ჩვენ ამას განვახორციელებთ ზუსტად ისე, როგორც იყო ხელმოწერილი

შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის ამნისტიის კანონი, შესაბამისად ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ამ შეთანხმებას განვახორციელებთ ზუსტად ისე, როგორც ის იყო ხელმოწერილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხელმომწერი ოპოზიციაც ასევე პასუხისმგებლობით ჩაერთოს პროცესში და ერთად მოხდეს იმ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში, რომელსაც ხელი მოეწერა.

„ეს შეთანხმება გულისხმობდა პოლარიზაციის შემცირებას. მისი მიზანი იყო, რომ პოლიტიკა დაპირისპირებიდან გადასულიყო საქმიან ეტაპზე, თანამშრომლობის ეტაპზე, რისთვისაც ჩვენ, მთელი ამ წლის განმავლობაში დემოკრატიული რეფორმები განვახორციელეთ. პრაქტიკულად შეთანხმებაში მოცემული სულისკვეთება ზუსტად მოგვიწოდებს, რომ ჩვენ შევძლოთ ამ დემოკრატიული მიღწევების გამოყენება რეალურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, მნიშვნელოვანია, ხელმომწერი ოპოზიცია ჩაერთოს სრულფასოვნად საპარლამენტო პროცესში და შეთანხმების განხორციელებაში. მათაც საკუთარი პასუხისმგებლობა აჩვენონ და მიიღონ მონაწილეობა, სწორედ ამაზეა საუბარი. „ქართული ოცნება“ არის მმართველი ძალა, ჩვენ ძლიერი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ვაჩვენეთ. ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა მიღებული გადაწყვეტილებებით, შესაძლებელი გავხადეთ, რომ ეს შეთანხმება არის ხელმოწერილი და ხელოვნური კრიზისი არის დასრულებული. სწორედ ამიტომ უნდა გავიხედოთ წინ და მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.