არჩილ თალაკვაძე - სერგი კაპანაძესა და ბევრ სხვა ადამიანს არ გახსენებიათ ყველაზე მთავარი, ვისთვისაც კომისია შეიქმნა, ესენი არიან ბავშვები
არჩილ თალაკვაძე - სერგი კაპანაძესა და ბევრ სხვა ადამიანს არ გახსენებიათ ყველაზე მთავარი, ვისთვისაც კომისია შეიქმნა, ესენი არიან ბავშვები

„ევროპულმა საქართველომ“ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დასკვნაში დიდი ადგილი დაუთმო ვანო მერაბიშვილის ადვოკატირებას, როდესაც ვანო მერაბიშვილსა და ამ პოლიტიკურ თემას დავით სარალიძის საკითხთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაეთანხმა ოპოზიციის დასკვნას, რადგან მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტში ჩამოწერილია პოლიტიკური მოთხოვნები, რაც კომისიის საქმიანობის მანდატი არ ყოფილა.

„მათ საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმეს ვანო მერაბიშვილის ადვოკატირებას ამ დასკვნაში, როდესაც არანაირი კავშირი არა აქვს ვანო მერაბიშვილს და ამ პოლიტიკურ თემას დავით სარალიძის საკითხთან. მათ ჩაწერეს პოლიტიკური მოთხოვნები, სადაც მაგალითად  იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ მხოლოდ იმიტომ, თითქოს იუსტიციის მინისტრს უთქვამს, რომ სახელმწიფო ბავშვებს ვერ გაასამართლებს მტკიცებულებების გარეშე.

ყველაზე მთავარი – სამწუხაროდ, არც სერგი კაპანაძეს და არც ბევრ ადამიანს, რომელიც ამ საქმეზე კრიტიკით იყო დაკავებული, არ გახსენებიათ ყველაზე მთავარი, ვისთვისაც პარლამენტი მუშაობს ამ საქმეზე, ვისთვისაც ეს კომისია შეიქმნა და ვისზე ვალდებული ვართ, რომ ვიფიქროთ, როდესაც დასკვნები გამოგვაქვს. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ამ ქვეყანაში აგრძელებენ ცხოვრებას და სწავლას სკოლებში.

რამე მოისმინეთ საერთოდ პოლიტიკურ გამოსვლებში, რომელიც ჰქონდათ აქ ბავშვებზე, არასრულწლოვნებზე და მათ მომავალზე, ბევრი ვერაფერი. პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის პოზიცია ამ საქმეზე არის, ჩვენ რას გავაკეთებთ ხვალ და როგორ დავიცავთ ბავშვების უსაფრთხოებას სკოლებში, ქუჩებში, სათამაშო მოედნებზე და სწორედ ბავშვებთან გვმართებს მეტი მუშაობა, სწორედ მშობლებთან გვმართებს მეტი კომუნიკაცია, რომ ამ საქმიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან პარლამენტის ტრიბუნიდან ზაზა სარალიძესა და სხვა მოსწავლეების მშობლებს მიმართა, რომ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარიდან სწორი დასკვნები გამოიტანონ.

„რას ეუბნებით ზაზა სარალიძესო. ბატონო ზაზა, ძვირფასო ჩემო მშობლებო, გისამძიმრებთ, მაგრამ გეუბნებით – თქვენი როლი, თქვენი მონაწილეობა ამ პროცესში ბევრად უფრო დიდია, რომ თქვენთან ერთად შევძლოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ ამ საქმიდან. სწორი ცვლილებები გავაკეთოთ მომავალში, რომ სხვა ბავშვები იყვნენ დაცულნი იმ გამოწვევისგან, რაც არის კრიმინალი და, რომელიც აქვს ყველა საზოგადოებას, მათ შორის დასავლეთში, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, ჩვენი მთავარი ამოცანა, მართლმსაჯულების ბოლომდე განხორციელების კვალდაკვალ, იქნება იმაზე ფიქრი, როგორი იქნება ჩვენი შვილების ამ ქვეყანაში. ეს არის ამ კომისიის მთავარი მიზანიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.