არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, განათლების სამინისტროსთან ერთად, ამ განზომილებაშიც დაამტკიცა, რომ აქვს მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციები და საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფის რესურსიც
არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, განათლების სამინისტროსთან ერთად, ამ განზომილებაშიც დაამტკიცა, რომ აქვს მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციები და საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფის რესურსიც

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“, რომელმაც არამხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდი აღიარება მოიპოვა, არის მისასალმებელი და კარგი ინიციატივა.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მინდა, პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო განათლების სისტემის ყველა თანამშრომელს, ლექტორებს, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ასევე მშობლებს. ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ განათლების და საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტობა იქნა უზრუნველყოფილი და ამან თქვენ მოგცათ საშუალება, რომ შესაძლოა ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ სასწავლო წელი მაინც დასრულდეს იმ შედეგებით, რომელიც იყო დაგეგმილი.

მივესალმებით ახალი ტექნოლოგიების კიდევ უფრო მეტად შემოტანას საგანმანათლებლო პროცესში. ამ მიმართულებით, რასაკვირველია, პროგრამული და ქსელური ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჯერ კიდევ ადრე, სანამ პანდემია დაიწყებოდა და „ტელესკოლაც“, რომელიც თქვენი და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტია, არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ დიდი აღიარება მოიპოვა, იყო მისასალმებელი და კარგი ინიციატივა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პანდემიის პირობებშიც დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციები და საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფის რესურსი აქვს.

„მე გავიხსენებდი იმ პოლიტიკურ დებატებს, რომელიც პარლამენტში წარიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებასთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით წინა სესიებზე. გვახსოვს, მაშინ იყო კრიტიკა ამასთან დაკავშირებით. დღეს, ამ პანდემიის პირობებში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განათლების სამინისტროსთან ერთად, ამ განზომილებაშიც დაამტკიცა, რომ მას მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციები აქვს და აქვს საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფის რესურსიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი