არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია მუშაობს ყველა მიმართულებით, რომ დააზიანოს ევროპული დისკურსი, საზოგადოება უნდა იცნობდეს ანტიგმირებს
არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია მუშაობს ყველა მიმართულებით, რომ დააზიანოს ევროპული დისკურსი, საზოგადოება უნდა იცნობდეს ანტიგმირებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ევროკავშირისთვის ამომწურავად მიეწოდებინა ინფორმაცია, რაც კითხვარით იყო გათვალისწინებული. არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ახლა დგება დრო, როდესაც მოხდება უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადების განხილვა ევროკავშირში. საქართველოს ხელისუფლებამ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენ ევროკავშირისთვის ამომწურავად მიგვეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაცია. ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდი და დიპლომატიური კორპუსი ყველა შესაძლო მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში მივაწოდოთ მეტი არგუმენტი და ვიმუშაოთ მათთან უფრო მეტად, რათა გადაწყვეტილება ერთსულოვნად იყოს მიღებული.

რაც შეეხება საქართველოს თავსებადობას სტანდარტებთან და კრიტერიუმებთან, მიგვაჩნია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რათა განაცხადი წარედგინა კანდიდატის სტატუსზე. გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებმა უფრო დააჩქარა ეს ყველაფერი და ჩვენი განაცხადი უკვე წარდგენილია. დიდი იმედი მაქვს, ევროკავშირის მხრიდან იქნება მიღწეული სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალკავაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია მუშაობს ყველა მიმართულებით, რომ დააზიანოს პროცესი. მისივე თქმით, საზოგადოება უნდა იცნობდეს ანტიგმირებს, ვინც აქტიურად მუშაობს საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ.

„რაც შეეხება დისკუსიას, ვინაიდან რადიკალური ოპოზიცია მუშაობს ყველა მიმართულებით, რომ დააზიანოს საქართველოს ევროპული დისკურსი და ხელი შეუშალოს, როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებით. რადიკალურმა ოპოზიციამ დაკარგა თავისი რეალური ფუნქცია, რაც არის ხელისუფლების ოპონირება. ისინი არიან გადასული საქართველოს ოპონირებაზე და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამჯერად საერთაშორისო ფორუმებზე, რაც ხდება სხვადასხვა ტიპის ანგარიშებით, ჩრდილოვანი ანგარიშებით, რომელსაც აწვდიან ევროპულ სტრუქტურებს. ეს ხდება საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის გამოყენებითაც. ამიტომ საზოგადოება უნდა იცნობდეს თავის ანტიგმირებს, ვინც აქტიურად მუშაობს საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ. ზუსტად ასეთი პროცესი იყო ვიზალიბერალიზაციის განხილვის დროს, თუმცა ჩვენ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით მივიღეთ მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან, რომელსაც ქვეყანა იმსახურებდა.

რაც შეეხება სპეკულაციებს სანქციებთან თუ სხვადასხვა რეაქციასთან დაკავშირებით, რომლებზეც ასევე სპეკულაციები რადიკალური ოპოზიციის, მათი მოკავშირე ორგანიზაციების თუ მოკავშირე მედიების მხრიდან, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელია აღქმების დონეზე ამ დიაკუსიის წარმართვა. ამიტომ ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ დღეს გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, რომ ეს არის ჩვენი გუნდის მზადყოფნა, არგუმენტირებულ ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობაში შევიდეთ ნებისმიერთან, ვინც თვლის, რომ საქართველო იმსახურებს სანქციებს ან ვინც თვლის, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. დადონ კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული წინადადებები და დაუსაბუთონ საკუთარ საზოგადოებას, რას არ აკეთებს საქართველო და რატომ ფიქრობს ამ ქვეყნის რადიკალური ოპოზიცია, რომ საქართველო იმსახურებს დასჯას დასავლეთის მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რადიკალურ ოპოზიციასთან რა საქმე გვაქვს, ვისთან გვაქვს საქმე. წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს პოლიტიკური ბანაკი არის ანტისისტემური. მას აქვს ანტისახელმწიფოებრივი დღის წესრიგი. მათ სურთ ქუჩის პოლიტიკა, შედეგის მიღწევა სურთ არეულობით და არა არჩევნებით. რასაც ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ, დღესაც იმავე მცდელობას ვხედავთ. ამიტომ ღია შეთავაზებას ვუკეთებთ მათ, პირდაპირ თქვან, რა უნდათ, რას სთხოვენ საკუთარ ქვეყანას, სად უნდათ შეიყვანონ საქართველო და რა არის ის ფაქტორები, გადწყვეტილებები, რისთვისაც მიიჩნევენ, რომ საკუთარი ქვეყანა უნდა დაისაჯოს დასავლეთის მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.