არჩილ თალაკვაძე - საუბარი, რომ ვიღაცამ ევროკავშირის კითხვარი მაგიდის ქვეშ დამალა და არავის აჩვენებს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სიცრუე
არჩილ თალაკვაძე - საუბარი, რომ ვიღაცამ ევროკავშირის კითხვარი მაგიდის ქვეშ დამალა და არავის აჩვენებს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სიცრუე

რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია ხალხისთვის იმის თქმა, თითქოს, კითხვარი ვიღაცამ გადამალა და არავის აჩვენებს, რაც არასერიოზული საუბარია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვარი ყველა იმ ინსტიტუტს, ორგანიზაციასა და ადამიანს მიეწოდება, ვინც პასუხისმგებელი და მოვალეა, კითხვარში მოცემულ საკითხებზე ინფორმაცია შეკრიბოს, დაამუშაოს და მიაწოდოს.

„რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია ხალხისთვის იმის თქმა, თითქოს, კითხვარი ვიღაცამ გადამალა და არავის აჩვენებს, რაც არასერიოზული საუბარია. ირაკლი კობახიძემ რადიკალურ ოპოზიციას მიმართა, ნუ შეუშლიან საქართველოს ხელს ამ მონაცემების დამუშავებასა და გადაგზავნაში. ვადასტურებ, რომ ეს არის ხელის შეშლა, როცა მართული მედიით მთელი დღე შუქდება, რომ ვიღაცები მას მალავენ და არავის აჩვენებენ, რა წერია მასში.

კითხვარი ყველა იმ ინსტიტუტს, ორგანიზაციასა და ადამიანს მიეწოდება, ვინც პასუხისმგებელი და მოვალეა, კითხვარში მოცემულ საკითხებზე ინფორმაცია შეკრიბოს, დაამუშაოს და მიაწოდოს. მათ შორის აიან პარლამენტი და პარლამენტის კომიტეტები. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ კითხვარი მაგიდის ქვეშ დამალა და არავის აჩვენებს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სიცრუე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, კითხვარი სამი ბლოკისგან შედგება.

„ეს არის პოლიტიკური ბლოკი, სადაც კითხვები ეხება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პარლამენტს, მთავრობას, სამინისტროებს, კონსტიტუციურ ინსტიტუტებს. მეორეა – სავაჭრო ეკონომიკური ბლოკი, სადაც კითხვები მოცემულია ექსპორტ-იმპორტთან, ფისკალურ-მონეტარულ პოლიტიკასთან, ეროვნულ ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსთან და სავაჭრო რეგულაციებთან დაკავშირებით. მესამე ბლოკი არის სექტორული ბლოკი, იქნება ეს სოციალური სისტემა, კულტურის დაცვის სფერო, სპორტის მიმართულება თუ სხვა. თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია სჭირდება, ესეც იქნება, რაც შესაძლებელია ევროკავშირთან შეთანხმებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტს მთავრობასთან აქვს კომუნიკაცია და ევროკავშირთან შეთანხმებით დეტალური განხილვები იქნება უზრუნველყოფილი.

„პარლამენტს კომუნიკაცია აქვს მთავრობასთან და კითხვართან დაკავშირებით ვუზრუნველვყოფთ დეტალურ განხილვებს, რაც თავისთავად მოიცავს, რომ პროცესში ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი იმ ზომით, რა ზომითაც ეს ევროკავშირთან შეთანხმდება. დამიჯერეთ, კითხვარში ისეთი არაფერი წერია, რომ ვინმემ რამე დაგიმალოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.