არჩილ თალაკვაძე - საუბარი, რომ თითქოს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი სადმე განიხილება, პოლიტიკური სპეკულაციაა
არჩილ თალაკვაძე - საუბარი, რომ თითქოს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი სადმე განიხილება, პოლიტიკური სპეკულაციაა

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ამ საკითხზე, ჩვენი ოპონენტების მხრიდან სუფთა პოლიტიკური სპეკულაციაა დაწყებული, ვინაიდან საქართველოს ვიზის შეჩერების საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის გამოწვევები, რომელიც არსებობს მიგრაციის თვალსაზრისით ევროპაში, არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევები.

„ბუნებრივია, ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს განიხილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება სადმე, რაიმე ფორმატში, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია. ვინც ამას ამბობს პოლიტიკურ სპექტრში, დამიჯერეთ, ამ ადამიანებს ან ამოძრავებთ ვიწრო პარტიული ინტერესები, ან უბრალოდ საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკაში ვერ ერკვევიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი და მიგრანტთა მიერ ჩადენილი დანაშაული, ეს არ არის ახალი საკითხი ევროპისთვის.

„ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით დასავლეთ ევროპის ქვეყნები მუშაობენ თავის პარტნიორ ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან. მე დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები წარმატებით განაგრძობენ თანამშრომლობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რომ ეს საკითხები იყოს ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში გადაწყვეტილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.