არჩილ თალაკვაძე - სასამართლოში დღეს უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში
არჩილ თალაკვაძე - სასამართლოში დღეს უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წასული საჩივრები რამდენით არის შემცირებული ჩვენი მმართველობის პერიოდში? – დაახლოებით 60 %-ით. ყოველწლიურად ათასობით ჩვენი თანამოქალაქე მიმართავდა ევროსასამართლოს, რადგან წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო ყოველთვის „მართალი” იყო მოქალაქესთან დავაში, პრაქტიკულად აზრი არ ჰქონდა დავას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს ეს სურათი შეცვლილია, „რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლოებში დღეს უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს და სიმართლის საპოვნელად სტრასბურგში აღარ უწევს ყველას საჩივრის შეტანა.“

სასამართლო სისტემაზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სრულყოფილი სასამართლო არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს, მათ შორის დასავლეთ ევროპაშიც. მისივე თქმით, საქართველოში სასამართლო სისტემა სწორი გზით ვითარდება და რეფორმები უნდა გაგრძელდეს. მან იმ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერებისთვისაა საჭირო.

„მართლმსაჯულებას კიდევ სჭირდება მეოთხე ტალღით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება – ეს არის კონკრეტული საკადრო საკითხების რეგულირება, იუსტიციის სკოლის გაძლიერება, სადაც მოსამართლეების შერჩევა და მომზადება ხდება, საქმეების დატვირთვის მოხსნა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება, ინფრასტრუქტურა და ა.შ. ამიტომ მივიღეთ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე პაკეტი, – მივიღეთ, რომ პრობლემები რაც რჩება, გადაიჭრას მომავალში. დამოუკიდებლობას რაც შეეხება – შედარებაც კი არ არის. სასამართლო, სადაც 95 % შემთხვევაში მოქალაქეები აგებდნენ თავის საქმეებს და სახელმწიფო ყოველთვის იყო „მართალი”, დღეს 50/50-ზე, 60/40-ზეა თანაფარდობა, – მოქალაქეს რეალურად შეუძლია, იდავოს და თავისი სიმართლე დაამტკიცოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.