არჩილ თალაკვაძე - სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით განამტკიცა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და უთხრა როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას, რომ ყველამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია
არჩილ თალაკვაძე - სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით განამტკიცა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და უთხრა როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას, რომ ყველამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია

საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით განამტკიცა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და უთხრა როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას, რომ ყველამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს მიმდინარე კვირაში განიხილავენ და კენჭს უყრიან.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა იმას, რომ ქვეყანამ, ყველა არჩეულმა ლიდერმა და ყველა ინსტიტუტმა თავისი საქმე უნდა აკეთოს კონსტიტუციის დაცვით. თუ ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფო, უნდა დავიცვათ კონსტიტუციის პრინციპები და ის წესები, რაც სახელმწიფოსთვის არის ძირითადი და ყველასთვის სახელმძღვანელო. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ განამტკიცა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და უთხრა როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას, რომ პირველ რიგში, ყველამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია, წესები და მხოლოდ ამ გზით და ამ ჩარჩოებში შეგვიძლია, ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მათ შორის ის, რისიც ძალიან გვჯერა.

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია, ისევე როგორც დასავლურ დემოკრატიებში, არსებობს კონსტიტუციური წესრიგი, სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსი. როგორც კი წარმოიშვა დავა და იმპიჩმენტი დავიწყეთ კონსტიტუციის დარღვევის საფუძველზე, ჩაერთო საკონსტიტუციო სასამართლო და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებობს სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი. საქართველო დღეს არის ბევრად უფრო ევროპული და თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო, ვიდრე იყო ათი წლის წინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო და ყველა ინსტიტუტი იყო ერთი ადამიანის ხელში და ის იღებდა გადაწყვეტილებებს. რეალურად, მარტივი კაზუსი იყო  და ხელის გულზე იდო კონსტიტუციის პრინციპის დარღვევა. სამმა მოსამართლემ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, ეს არის მაგალით, როგორ ფუნქციონირებს რეალურად დემოკრატია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საკითხი უბრუნდება პარლამენტს და ორი კვირის ვადაში პარლამენტმა უნდა განიხილოს გადაწყვეტილება და ჩაატაროს კენჭისყრა იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

ეს კვირა სასესიოა. ამ კვირაში იქნება საკითხი განხილული და კენჭისყრა. ჩვენს პარტიას პარლამენტში არ აქვს საკმარისი ხმები, რომ მხოლოდ ჩვენ მივიყვანოთ იმპიჩმენტი ბოლომდე, თუმცა თავიდანვე ვთქვით, რომ იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვა და ორივე მიზანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი მიზანი არ არის, რომ პრეზიდენტის ნაბიჯები წინასწარ განვსაზღვროთ, ეს მისი კომპეტენციაა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ამას დაინახავთ. თუ ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას ისე, რომ არჩეული ლიდერები და თანამდებობის პირები თავად გადაწყვეტენ, რა დგას კონსტიტუციაზე მაღლა და თავად მოძებნიან საბაბს, როგორ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა, ასე ჩვენ ევროპულ სახელმწიფოს ვერ განვავითარებთ და ევროპული ოჯახის წევრები ვერ გავხდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.