არჩილ თალაკვაძე - სასამართლო რეფორმა არის გრძელვადიანი პროცესი, ჩვენ გვაქვს გეგმა და თანმიმდევრულად მივყვებით რეფორმებს
არჩილ თალაკვაძე - სასამართლო რეფორმა არის გრძელვადიანი პროცესი, ჩვენ გვაქვს გეგმა და თანმიმდევრულად მივყვებით რეფორმებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფთან, დიპლომატიურ კორპუსთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოამზადა.

თალაკვაძის განმარტებით, ცვლილებები სასამართლო კანონმდებლობაში ორ მნიშვნელოვან საკითხს ითვალისწინებს.

„ერთი, ეს არის უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება და მეორე – მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა. ეს ორივე იყო ვენეციის კომისიის იმ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს შორის, რომელიც სასამართლოს ეხებოდა. შესაბამისად, მზად ვართ, რომ სესიის შემდგომ დღეებში, ეს ცვლილებები მივიღოთ და ამით უფრო მეტად გავზარდოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა, გავხადოთ პროცესი უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი.

ჩვენი რეფორმები თანმიმდევრულია. მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში რეფორმების რამდენიმე პაკეტი, რამდენიმე ტალღა განხორციელდა, მეოთხე ტალღის ფარგლებში, რეფორმები მიმდინარეობს. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი კანონმდებლობა, რომელიც მთლიანად არეგულირებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. ჩვენ მივიღეთ ცვლილებები, რომელიც უკავშირდება მოსამართლეების მომზადებას, სკოლის ფუნქციონირებას, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტებს და დღეს უკვე ინიცირებას ვახდენთ კიდევ ორი მნიშვნელოვანი საკითხის, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებების დასაბუთებას და მათი გასაჩივრების შესაძლებლობას. რასაკვირველია, სასამართლო რეფორმა არის გრძელვადიანი პროცესი, ჩვენ გვაქვს გეგმა და თანმიმდევრულად მივყვებით ამ რეფორმებს. მეათე მოწვევის პარლამენტიც, რა თქმა უნდა, განაგრძობს სასამართლო რეფორმაზე მუშაობას“, – განახადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა წარმოადგენდა.