არჩილ თალაკვაძე - საქმე, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, არის, რასაც დავპირდით მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ საქმით შეგვაფასებენ შემდგომ არჩევნებში
არჩილ თალაკვაძე - საქმე, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, არის, რასაც დავპირდით მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ საქმით შეგვაფასებენ შემდგომ არჩევნებში

საქმე, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, არის ის, რასაც დავპირდით მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები სწორედ ამ საქმით შეგვაფასებენ შემდგომ არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ჩვენ არჩევნებისთვის ვემზადებით ყოველთვის არჩევნების დასრულების დღიდან, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ არჩევნების დასრულების დღიდანვე მოქალაქეები ჩვენგან ელოდებიან იმას, რა პირობაც მივეცით, ელოდებიან პროგრესსა და პრობლემების მოგვარებას. ამიტომ, წარმატებული ხელისუფლება და პოლიტიკური გუნდი არჩევნებისთვის ემზადება გამარჯვების მეორე დღიდან. შესაბამისად, საქმე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ, არის ის, რასაც დავპირდით მოქალაქეებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქალაქეები სწორედ ამ საქმით შეგვაფასებენ შემდგომ არჩევნებში.

რაც შეეხება კანდიდატურებს და სიებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ამასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება ჯერ ნაადრევია. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მერების კანდიდატურებზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამაზე ძალიან მალე გექნებათ მეტი ინფორმაცია, ვინაიდან საარჩევნო კამპანია და საარჩევნო პერიოდი ახლოვდება და კამპანიის დაწყებამდე რასაკვირველია, ეს კონსულტაციები დაიწყება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება მომავალ არჩევნებში გიორგი გახარიას შესაძლო მონაწილეობას, თალაკვაძის თქმით, კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი საქართველოს ყოფილ პრემიერს ჯერ არ გაუკეთებია.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, მას ჯერ არანაირი პოლიტიკური განაცხადი არ გაუკეთებია, აყალიბებს თუ არა პოლიტიკურ პარტიას, როგორ პარტიას აყალიბებს, რა იდეოლოგიური პლატფორმა ექნება, ვინ იქნება მისი გუნდი. შესაბამისად, რაიმე შეფასების გაკეთება წინასწარ გამიჭირდება. კონკრეტულ განაცხადს თუ გააკეთებს, ჩვენ მერე შეგვეძლება, რომ ამაზე შეფასებები გითხრათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.