არჩილ თალაკვაძე - საქართველოში დაბალი მხარდაჭერის პარტიები აშშ-სა და ევროპაში აწარმოებენ თავიანთ კამპანიას და ხშირად, ეს ხდება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ
არჩილ თალაკვაძე - საქართველოში დაბალი მხარდაჭერის პარტიები აშშ-სა და ევროპაში აწარმოებენ თავიანთ კამპანიას და ხშირად, ეს ხდება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ

კითხვები და პოზიციები, რაც მოვისმინეთ კონგრესმენების მხრიდან ჩვენგან მიღებული არის, როგორც მეგობრების მოსაზრება, ეს აშშ-ში ვიზიტის დაწყებამდეც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე ყველა საკითხზე შედგა საუბარი.

„ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, ჩავსულიყავით და პირდაპირ გვესაუბრა კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეს საუბარი შედგა ყველა საკითხზე და, რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებას,  დავრწმუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ, რომ საქართველოში დაბალი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიები თავის წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ ვაშინგტონში და ატარებენ საზღვარგარეთ ნაცვლად იმისა, მივიდნენ საზოგადოებასთან, აქ, ჩვენს მოქალაქეებს გააცნონ საკუთარი პროგრამები, წარუდგინონ ლიდერები და მოემზადონ არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არის სამწუხარო. რა თქმა უნდა, ამას არ მიესალმება არც ერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი, ვინაიდან დემოკრატიის მთავარი პრინციპია, პოლიტიკური პარტიები პირველ რიგში მუშაობდნენ საკუთარ საზოგადოებასთან, საკუთარ მოქალაქეებთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დაბალი მხარდაჭერის პარტიების პიარკამპანია ხშირად საქართველოს იმიჯის დაზიანების ხარჯზე მიმდინარეობს.

„რაც მე დავინახე არის, რომ არაერთი დაბალი მხარდაჭერის პარტია რეალურად დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში აწარმოებს თავის პიარკამპანიას და ხშირად, ეს ხდება ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. არაუშავს, ეს არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა,  ვერავინ შეიყვანს შეცდომაში საბოლოო ჯამში იმ ინსტიტუტებს და ადამიანებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს განვითარებით, საქართველოს მომავლით, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ვიზიტი იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.