არჩილ თალაკვაძე - საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობას განსაზღვრავს ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება, არა რომელიმე მედიასაშუალება და მის მიერ გავრცელებული ცნობა
არჩილ თალაკვაძე - საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობას განსაზღვრავს ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება, არა რომელიმე მედიასაშუალება და მის მიერ გავრცელებული ცნობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობას განსაზღვრავს ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება, არა რომელიმე მედიასაშუალება და მის მიერ გავრცელებული ცნობა.

​​არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სომხეთში ტექნიკის შეტანა საქართველოს გავლით მოხდა.

„ერთი რომელიმე სააგენტოს უსაფუძვლო ინფორმაციაზე ჩვენი სახელმწიფოები კომენტარებს ვერ გავაკეთებთ და ვერანაირ შეშფოთებას ვერ გამოვხატავთ. ეს არის ერთი კონკრეტული მედიასაშუალების ინფორმაცია, რომელსაც, პირდაპირ გეუბნებით, არავითარი საფუძველი არ გააჩნია. მეზობლებთან, სტრატეგიულ პარტნიორობა, კარგი ურთიერთობა გვაქვს და ასევე, რასაკვირველია, მომავალშიც იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი, რომ ეს ურთიერთობები შეუფერხებლად გაგრძელდეს. არავითარი საფუძველი ამ ინფორმაციას არ აქვს და გარწმუნებთ, რომ წუხილები საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში არ შეიძლება, იყოს.

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას განსაზღვრავს ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება და არა რომელიმე მედიასაშუალება და მის მიერ გავრცელებული ცნობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩვენს ურთიერთობას, თანამშრომლობასა და მეგობრობას, ეს არის უსაფუძვლო ინფორმაცია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ დეესკალაციას, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონს და რასაკვირველია, აზერბაიჯანთან გვაქვს ძლიერი მეგობრობა. ჩვენ ვმოქმედებთ ყოველთვის საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის დაცვით და ჩვენი სტრატეგიული ურთიერთოების გათვალისწინებით“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.