არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტის როლი ევროინტეგრაციის პროცესში სულ უფრო მზარდია
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტის როლი ევროინტეგრაციის პროცესში სულ უფრო მზარდია

„საქართველოს პარლამენტის როლი ევროინტეგრაციის პროცესში სულ უფრო მზარდია და ეს კიევის კონფერენციამაც დაადასტურა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ კონფერენციაზე – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით“ განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერმა კონფერენციის პანელურ დისკუსიაში – „პოლიტიკური დიალოგი და კონსესუსის შენება“ მიიღო მონაწილეობა. არჩილ თალაკვაძემ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან აახლოებს.

სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გზავნილმა დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის მტკიცე თანამშრომლობისთვის.

„ევროკავშირში და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პარლამენტების ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რაც რთულია ცალ-ცალკე, უფრო ადვილი მისაღწევია ერთიანი ძალისხმევით. კიევის კონფერენციამ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის როლი მზარდია ევროინტეგრაციის პროცესში. ირაკლი კობახიძის გზავნილებიც სწორედ იყო მტკიცე თანამშრომლობისთვის საქართველოს მზაობა. პარლამენტს და პარლამენტში არჩეულ ადამიანებს აქვთ საზოგადოების და ამომრჩევლის ლეგიტიმაცია და შესაბამისად, პარლამენტების ჩართვით, ამ პროცესში ხდება ამ ლეგიტიმაციის გაერთიანებაც. ეს მნიშვნელობა აქვს ამ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნას. დღეს იყო საუბარი საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, უსაფრთხოებაზე, საქართველოსთან საიმედო პარტნიორობაზე, რომელიც აქვს თანამეგობრობას ჩვენთან და ვფიქრობ, მიუხედავად ჰიბრიდული საფრთხეებისა, მიუხედავად ტერიტორიული ოკუპაციისა და იმ გამოწვევებისა, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, დღეს კიევის კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი და პროგრესული მონაწილე ამ პროცესში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პანელურ დისკუსიაში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ერთად, მონაწილეობა უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ, ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა, პატ კოქსმა, ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში, ჰიუგ მინგარელმა, ლიეუტვის სეიმის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა და ექსპერტმა პიტერ ვანჰუტმა მიიღეს. დისკუსიას მოდერირებას ევროპარლამენტის წევრი, პეტრას აუსტრევიჩუსი უწევდა.

კიევი რიგით საპარლამენტთაშორისო კონფერენციას – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით” მასპინძლობს.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.