არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის მზარდი ინტერესია
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის მზარდი ინტერესია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით შერიგების ხედვა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს, რომლებიც მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების გაერთიანებას ემსახურება.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია, ყველანაირად ხელი შეუწყოს მავთულხლართებით, ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების გაერთიანებას.

მისი თქმით, ინიციატივები, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული.

„ინიციატივები იმას გულისხმობს, რომ ხელი შევუწყოთ როგორც კულტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ კავშირებს, ასევე საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეების დონეზე დააფიქსიროს, რომ მზად ვართ, როგორც ვიზალიბერალიზაციის სიკეთეები, ასევე სხვა სიკეთეები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს გავუზიაროთ. ბუნებრივია, ეს თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების იმ მიზანთან, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ამ შემთხვევაში, რუსეთს ვესაუბრებით და ვერავინ, მათ შორის ვერც ოპოზიცია, შეძლებს, რომ რამენაირად იმ ნარატივში გადაგიყვანოს, როდესაც თითქოს, ჩვენ ჩვენი პრინციპული პოზიციების დაყენებას ვწყვეტთ”, – აცხადებს თალაკვაძე.

დეპუტატის ცნობით, სულ უფრო მზარდია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან იმ თანამოქალაქეების მომართვის რაოდენობა, რომლებიც ჯანდაცვის სერვისებითა და ეკონომიკური სიკეთეებით სარგებლობენ.

„ასევე მზარდი ინტერესია ორივე რეგიონიდან იმის, რომ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით ისარგებლონ. ამ ტენდენციების გაძლიერებით ვცდილობთ, რომ ის ინიციატივები გავაძლიეროთ, რომლებიც ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების გაერთიანებას ხელს შეუწყობს”, – განაცხადა თალაკვაძემ.