არჩილ თალაკვაძე - საქართველოს მიზანია ჟენევის ფორმატის არა გაუქმება, არამედ რეალური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა 
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს მიზანია ჟენევის ფორმატის არა გაუქმება, არამედ რეალური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რუსეთის სურვილი შესაძლოა, ჟენევის ფორმატის გაუქმება იყოს, საქართველოს მიზანი კი არის არა გაუქმება, არამედ ფორმატის ფარგლებში რეალური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატია, სადაც საქართველო მარტო არ არის.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო თავისი ტერიტორიული საკითხების განხილვისა და დაცვის პროცესში მარტო არ აღმოჩნდეს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი პარტნიორები იგივე მაგიდასთან ჩვენს გვერდით იყვნენ, სადაც ამ თემებზე ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანია, ჟენევის ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების დონე, ამ გადაწყვეტილებების შინაარსი და წონა გაიზარდოს. ეს ჩვენი ამოცანაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჟენევის ფორმატში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. პრეზიდენტის განცხადება არ მინახავს, მაგრამ სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილიც ამაზე საუბრობდა. რუსეთის სურვილი შესაძლოა, ჟენევის ფორმატის გაუქმება იყოს, ჩვენი მიზანია, არა გაუქმება, არამედ ფორმატის ფარგლებში რეალური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. კერძოდ, ამ ფორმატის გავლენისა და რეალური საკითხების გადაწყვეტის შესაძლებლობა. სრულიად განსხვავებულია ის, რაც რუსეთს სურს და ჟენევის პროცესზე რა მიზანიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.