არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ხელისუფლება დღეს დგას გმირების ოჯახების, ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის სადარაჯოზე
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ხელისუფლება დღეს დგას გმირების ოჯახების, ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის სადარაჯოზე

საქართველოს ხელისუფლება დღეს დგას გმირების ოჯახების გვერდით, ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის სადარაჯოზე, ეს არის უპირველესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ხელისუფლების წარმომადგენლები რატომ არ იყვნენ მუხათგვერდის სასაფლაოზე გუშინ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა: „ყოველ წელს ხომ არ შეიძლება, რომ ხელისუფლებას კითხვას უსვამდეთ, რატომ არ იყავით გუშინ ან გუშინ წინ სადღაც. მთავარი არის, სად ვართ ჩვენ დღეს ჩვენი გადაწყვეტილებებით და ჩვენი საქმიანობით“.

„მე პირადად, ისევე როგორც ჩემი მეგობრები და კოლეგები, მოვედით აქ, რადგან სწორედ დღეს აქ არიან დაღუპული გმირი ჯარისკაცების მშობლები, მეუღლეები, შვილები. ჩვენ გვსურდა მათთან შეხვედრა. თორემ, სხვა ნებისმიერ დღეს, ჩვენი საქმიანობით, ჩვენი გადაწყვეტილებებით ჩვენ ყოველთვის პატივს მივაგებთ. დღე არ არსებობს, როდესაც ხელისუფლებას დავიწყებული ჰყავს თავისი გმირების. შესაბამისად, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ დღეს ჩვენ აქ მოვედით, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და მოვედით, რათა შევხვდეთ მათი ოჯახის წევრებს, ვინაიდან ყოველ წელს ჩვენ მოვდივართ ამ ადამიანებთან და ვეკითხებით, რა გჭირდებათ. ხომ არ გჭირდებათ ხელისუფლების ყურადღება და შეგიძლიათ, მიბრძანდეთ თვითონ ოჯახის წევრებთან და ჰკითხოთ ამ ადამიანებს, რამდენად ზრუნავს მათზე ხელისუფლება და რამდენად მათთვის მნიშვნელოვანია თავის ხელისუფლებასთან შეხვედრა დღეს აქ, ძმათა სასაფლაოზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.