არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ინტერესების დაზიანებით ვისაც წარმოუდგენია საკუთარი წარმატება, ისინი მიდიან არასწორი გზით, რომლის დასასრული იქნება 2024 წლის არჩევნები
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ინტერესების დაზიანებით ვისაც წარმოუდგენია საკუთარი წარმატება, ისინი მიდიან არასწორი გზით, რომლის დასასრული იქნება 2024 წლის არჩევნები

მინდა, ვუთხრა ყველას, ვისაც არჩევნების გვერდის ავლით უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, ვისაც საქართველოს ინტერესების დაზიანებით წარმოუდგენია საკუთარი წარმატება, ისინი არასწორი გზით მიდიან და ამ არასწორი გზის დასასრული იქნება 2024 წლის არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ამერიკის მთავრობის მიერ გასაჯაროებული მონაცემებიდან ჩანს, რომ დავით კეზერაშვილი პირდაპირ ერევა პოლიტიკაში, ასევე, კეზერაშვილმა თავადაც არაერთხელ აღიარა, რომ აფინანსებს პარტიებს, ტელევიზიებს და ეხმარება ცალკეულ პოლიტიკოსებს.

„ეს არის ადამიანი, ვისთან მიმართებაშიც უმძიმესი ბრალდებები იყო როგორც მართლმსაჯულების სისტემაში, ისე საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და მედიის მხრიდან. გახსოვთ, „ბიბისიმ“ გააკეთა სიუჟეტი, ამის შემდეგ გასაჯაროვდა ამერიკის მთავრობის მიერ მონაცემები, სადაც ჩანს, რომ დავით კეზერაშვილი პირდაპირ ერევა პოლიტიკაში. თვითონაც ეთერში არაერთხელ აღიარა, რომ აფინანსებს პარტიებს, ტელევიზიებს და ეხმარება ცალკეულ პოლიტიკოსებს. ეს ცალკეული პოლიტიკოსები არიან ჩუმად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, დუმილი დასტურის ნიშანია. ასევე, დავით კეზერაშვილმა გაუკეთა ორკესტრირება რადიკალურ ოპოზიციას და მათ შეცვალეს თავიaნთი პოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით. თავიდან ითხოვდნენ, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, კულისებიდან დაუქნია ჯოხი და ისინი გამოვიდნენ ამ რეგულაციების საწინააღმდეგოდ, რაც ნიშნავს, რომ რაღაცას ფარავენ. რას მალავენ და რას ფარავენ, ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, როგორც „ბიბისის“ გამოძიებით, ისე ამერიკის მთავრობის „ფარას“ საფუძველზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით, სადაც აღმოჩნდა, რომ ნახევარი მილიონი დოლარი, მხოლოდ ერთ კონტრაქტში საქართველოს გასაშავებლად იყო გადახდილი. ასეთი ტიპის აქტივობა, ბუნებრივია, ვერ შედგება, კეზერაშვილს რომ არ ჰყავდეს მოკავშირეები აქ, ადგილობრივ პოლიტიკაში, რადიკალურ ოპოზიციაში. არახალია, ისინი რომ ერთმანეთთან დაფრინავენ, ერთმანეთს რომ თანაუგრძნობენ, ერთმანეთზე ძალიან ბევრს ფიქრობენ და ეხმარებიან ამ დესტრუქციულ გეგმებში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.