არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ვერც ერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საფრთხეს ვერ შეუქმნის
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ვერც ერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საფრთხეს ვერ შეუქმნის

საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ყველა საკითხზე, რომელიც მათ აინტერესებთ. ობიექტური ინფორმაცია იქნება მიწოდებული შემდეგ დღეებშიც, ჩვენ განვაგრძობთ კომუნიკაციას. მერწმუნეთ, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და ინტეგრაციას ვერც ერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საქართველოში ვერ შეუქმნის საფრთხეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ეს არის საერთო ეროვნული საკითხი, ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი, ჩაწერილია კონსტიტუციაში და ამას ვერავინ ვერ შეუქმნის ვერანაირ საფრთხეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „სანქციები ინიცირებული არ არის“.

„ამაზე ჩვენთან არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია პარტნიორების მხრიდან. მესმის, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა მაქსიმალურად ცდილობს დღეს, რომ საკუთარი ქვეყნის იმიჯი დააზიანოს, მაქსიმალურად ცდილობს, ხელისუფლებას მიაყენოს ჩრდილი, მათ შორის პარტნიორებთან. თუმცა, მერწმუნეთ, რომ დასავლური საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ არ არის ის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ რომელიმე ოპოზიციონერის წერილს ეყრდნობა. როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, მათ ჰქონდათ კითხვები. მომდევნო დღეებშიც მივაწვდით ინფორმაციას. ჰქონდათ კითხვები ამ სასამართლო საქმესთან დაკავშირებით. ჰქონდათ კითხვები, თუ რამდენად შესაძლებელია დიალოგის გაგრძელება და შეთანხმება. ჩვენ ყველა საკითხზე კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. როგორც ელჩებთან ასევე ჩვენს კოლეგებთან, ევროკავშირთან და მომდევნო დღეებში ამ საკითხებზე დამატებით ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი