არჩილ თალაკვაძე - საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით აშშ-ის საიმედო მოკავშირეა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ეს არის ასახული
არჩილ თალაკვაძე - საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით აშშ-ის საიმედო მოკავშირეა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ეს არის ასახული

უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო მოკავშირეა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში სწორედ ეს არის ასახული, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე მოხარულია, რომ საქართველოს პარტნიორები ამას სათანადოდ აფასებენ.

„რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურზე სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას, მაშინ, როცა კანონმდებლობას ვცვლიდით, ვამბობდით, რომ საქართველო რეგიონში ამერიკის საიმედო მოკავშირეა უსაფრთხოების თვალსაზრისით, როცა საქმე ტერორისტულ საფრთხეებსა და უსაფრთხოებას ეხება. ამ განცხადებაში ესაა ასახული. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ამას სათანადოდ აფასებენ“, – ამბობს თალაკვაძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული, ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობას ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და საპასუხო რეაგირება შეუძლია. დოკუმენტის ავტორთა თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავებაში მოწინავე პოზიცია აქვს.