არჩილ თალაკვაძე - საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ამისთვის პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, საქართველო აუცილებლად გახდება ევროატლანტიკური ოჯახის წევრი
არჩილ თალაკვაძე - საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ამისთვის პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, საქართველო აუცილებლად გახდება ევროატლანტიკური ოჯახის წევრი

საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რომელსაც საქართველო იმსახურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს ანგარიშებსა და ოფიციალურ განცხადებებში დადასტურებულია, რომ საქართველო თავსებადია ნატო-ს მოთხოვნებთან და ქვეყანა მზადაა ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

„წლების განმავლობაში არაწევრ ქვეყნებში საქართველო საერთაშორისო მისიებში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი მონაწილეა. სტატუს კვო არის ისეთი, რომ საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია გაწევრიანებისთვის და ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რომელსაც საქართველო იმსახურებს. საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება. ეს ბევრ საერთაშორისო ფაქტორზეა დამოკიდებული. თქვენ იცით, ნატო-ს თითოეულ გადაწყვეტილებას და გაფართოებაზე თითოეულ პოლიტიკურ ნაბიჯს რამხელა საერთაშორისო ძვრები და ტექტონიკური ცვლილებები მოჰყვება ხოლმე. ამიტომ ვინც ამ საკითხს ზედაპირულად განიხილავს და ნიშნის მოგებით საუბრობს საქართველოზე, ამ ადამიანებს ნატო-სა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ან ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, ან სუბიექტური ინტერესი აქვთ, როგორმე საქართველოს იმიჯი დააზიანონ.

ფინეთი და შვედეთი ნატო-ს წევრები მრავალი წლის განმავლობაში არ იყვნენ, როგორც მონტენეგრო არ იყო და იყო ასპირანტი ქვეყანა. წლები დასჭირდა იმას, რომ სათანადო პოლიტიკური მომენტი ყოფილიყო შერჩეული, რათა ნატო-ს ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. ამიტომ აღტაცებით და ნიშნის მოგებით საუბარი საქართველოზე, რატომ არ ხდება საქართველოს გაწევრიანება, არის ან ზედაპირული ცოდნის შედეგი, ან სუბიექტური ინტერესია, ქვეყნის იმიჯი დააზიანონ. ეს იმ ხალხის ინტერესია, ვინც არ იცის, რა შესთავაზოს საზოგადოებას და რაღაცით თავი ირჩინოს. საიდან დაასკვენით, რომ საქართველო თამაშგარეშეა? დღეს უკრაინის შემთხვევაში იმ კონტექსტზე საუბრობენ, რაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკავშირდება და ამას ლოგიკური ახსნა აქვს. უკრაინა უმძიმეს ომშია საკუთარი ტერიტორიის დასაცავად და არ არის გასაკვირი, რომ საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში და ყურადღების ქვეშ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ქვეყნის მიმართ შეურაცხყოფაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე საკუთარი ქვეყნის დაბალი დონის წარმომადგენელია.

„საგარეო საქმეთა მინისტრს რაც შეეხება, თუ პოლიტიკურ ისტორიას გადახედავთ, ნახავთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე აქვთ ხელი მოწერილი და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე აქვთ ხელი ჩამორთმეული პარტნიორებისთვის. შეურაცხმყოფელია საკუთარი ქვეყნის მიმართ, როდესაც გგონიათ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი საკუთარი ქვეყნის დაბალი დონის წარმომადგენელია“, – განუცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.