არჩილ თალაკვაძე - საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის მიზანი ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა იქნება
არჩილ თალაკვაძე - საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის მიზანი ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა იქნება

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ვქმნით საპარლამენტო ასამბლეას, რომლის მიზანი იქნება ევროკავშირში ჩვენი ქვეყნების სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასამბლეის მიზანსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ჩამოყალიბდება როგორც მოლაპარაკებების, ასევე ევროინტეგრაციის პროცესის მართვის ერთიანი ფორმატი.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩვენი დელეგაცია მონაწილეობას იღებს მაღალი დონის კონფერენციაში, სადაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა საპარლამენტო ასამბლეას ვქმნით. საპარლამენტო ასამბლეის მიზანი იქნება ჩვენი ქვეყნების სწრაფი ინტეგრაციის უზრუნველყოფა ევროკავშირში, ძალისხმევის კონსოლიდაცია და ურთიერთმხარდაჭერა იმისთვის, რომ მოხდეს დასავლურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნების სწრაფი გაწევრიანება. ეს შეთანხმება და ასამბლეის შექმნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენ ერთმანეთს დავუჭერთ მხარს ამ პროცესში, მეორე მხრივ, მოხდება პასუხისმგებლობის ერთიანი ფორმატის ჩამოყალიბება, როგორც მოლაპარაკებების, ასევე ინტეგრაციის პროცესის მართვის თვალსაზრისით“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და დელეგაციასთან ერთად, კიევში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით” იღებს მონაწილეობას.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბი და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას მოაწერენ ხელს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.