არჩილ თალაკვაძე - საქართველო განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანას
არჩილ თალაკვაძე - საქართველო განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანას

მინდა, გადმოგცეთ გზავნილი, საქართველო და ქართველი ხალხი კვლავ განაგრძობს წინ ყურებას და ქმნის საუკეთესო მომავალს, რომელიც დაფუძნებული იქნება იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს გაგვაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) რიგით მე-13 კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო კვლავ განაგრძობს საკუთარი წვლილის შეტანას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განაგრძობს საკუთარი დემოკრატიის გაძლიერებას.

„ჩვენ განუწყვეტლივ ვახდენთ ამ ჩვენი დასახული მიზნების დემონსტრირებას წარმატებული რეფორმებითა და პრაქტიკული ნაბიჯებით. საქართველო სამაგალითო ქვეყანა გახდა რეგიონში გატარებული ფუნდამენტური ინსტიტუციონალური რეფორმებითა და დემოკრატიული ტრანსფორმაციით. ნება მიბოძეთ, ჩამოგითვალოთ რამოდენიმე მათგანი: საკონსტიტუციო რეფორმამ უზრუნველყო ქვეყნის გადასვლა ევროპული სტილის საპარლამენტო სისტემაზე და შექმნა ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო ქვეყნის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარებისათვის. ამ რეფორმამ დახვეწა სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები საკონსტიტუციო დონეზე. საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ასევე უზრუნველყოფს ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის ინსტრუმენტებს ამ განზომილებაში, ისე, რომ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტსა და ნდობის ჯგუფს ახლა უკვე აქვს იმის შესაძლებლობა, განახორციელოს ძირეული მონიტორინგი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და თავდაცვისა და უსაფრთხოების ბიუჯეტსა და შესყიდვებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში მტკიცედ განაცხადა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა უმნიშვნელოვანეს მიზნებად არის გამოცხადებული ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების, პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის.

„ბოლო ათწლეულებია, ნატო და ევროკავშირი არქტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე, წყნარი ოკეანიდან შავი ზღვის წყლებამდე ტერიტორიებისთვის უსაფრთხო ნავსაყუდელს ნიშნავს. საქართველო მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირის შავი ზღვის რეგიონში უფრო აქტიურ ჩართულობას. სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა – ეს გახლავთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ფართო კონსენსუსით იქნა მიღწეული. ეს საკანონმდებლო რეფორმები სასამართლო სისტემას კიდევ უფრო დამოუკიდებელსა და სანდოს ხდის. მიმდინარე საარჩევნო რეფორმა ეფუძნება ფართო პოლიტიკურ დიალოგს და ითვალისწინებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებს. ჩვენ მიზნად ვისახავთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის, მედიაზე სამართლიან წვდომის, ახალ საარჩევნო კამპანიების რეგულაციებისა და პოლიტიკაში ქალთა გაძლიერების გაუმჯობესებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ძალას არ იშურებს, რათა გააუმჯობესოს მოქალაქეთა მომსახურების მიმართულება, უზრუნველყოფს რა ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას, ასევე საზოგადოებრივ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აძლიერებს მოქალაქეებზე ორიენტირებულ, ინოვაციებზე დაფუძნებულ ეფექტურ მმართველობას.

„ყველა ეს გარდაქმნა სიმბოლურად აღნიშნავს საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლისთავს, რასაც ჩვენ სათუთად ვუფრთხილდებით. ზემოთ ჩამოთვლილი რეფორმებით, საქართველო ხდება კიდევ უფრო ძლიერი და ჩვენი დემოკრატიული ტრანსოფრმაცია შეუქცევადია. მსურს ასევე ხაზგასმით ავღნიშნო, ჩვენს ნომერ პირველ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მეგობრობით და პარლამენტის სახელით, მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს წარმომადგენლობითი პალატისა და კონგრესის წევრებს საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივისა და მიღებისათვის. ამ კონფერენციას ესწრება კონგრესმენი ადამ კინზინგერი და ასევე მსურს მას და მის კოლეგებს მადლობა გადავუხადო საქართველოს მხარდაჭერაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის.