არჩილ თალაკვაძე - საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები, მისაღები გვაქვს თამამი გადაწყვეტილებები
არჩილ თალაკვაძე - საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები, მისაღები გვაქვს თამამი გადაწყვეტილებები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2024 წლისთვის საქართველოს საარჩევნო სისტემის პროპორციული სისტემით ჩანაცვლებით, თამამი გადაწყვეტილება მიიღეს.

თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლება წელსაც მზადაა, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

„ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მივიღეთ და უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობამ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ ყურადღება გააამხვილა საარჩევნო კოდექსზეც, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა.

თალაკვაძის განმარტებით, კოდექსში ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გათვალისწინებულია.

„გუშინ, ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო კოდექსის რეფორმა ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც ორგანიზაციამ საქართველოში წინა არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა. ამ რეკომენდაციების გათვალისწინება მთავრობის მიერ პოლიტიკური ნების გამოხატულება იყო და გუშინ ამ შესწორებების დამტკიცება მოვახერხეთ. ყველა შესწორება განვიხილეთ ფართო ჯგუფში, სადაც ყველა მხარე იყო წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, ჯერ კიდევ არის წინ გადასადგმელი ნაბიჯები, მისაღები გვაქვს თამამი და გაბედული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ხელისუფლების მიზანია, ოქტომბერში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს.

„დღესდღეობით ჩვენი მთავარი მიზანია, ჩავატაროთ დემოკრატიული, თავისუფალი, სუფთა არჩევნები ოქტომბერში. იმედი მაქვს, ის ცვლილებების პაკეტი, რომელიც საარჩევნო კოდექსის ფარგლებში მივიღეთ, არჩევნებისას უსაფრთხოების საკითხებში და მოქალაქეების „კოვიდ-19“-სგან დაცვაში დაგვეხმარება.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეას, ვენეციის კომისიას. თქვენი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. მადლობა ევროკავშირს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის და კონსულტაციებისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერისთვის. ჩვენ ეს ერთად შევძელით. ჩვენ ოქტომბერში თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს ველოდებით“, – განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტში ონლაინ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“.

დატოვე კომენტარი