არჩილ თალაკვაძე - საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, ოქტომბერში კიდევ უფრო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება
არჩილ თალაკვაძე - საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, ოქტომბერში კიდევ უფრო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვენეციის კომისიას პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს დახმარებისათვის.

„მინდა, მივესალმო და დადებითი შეფასება მივცე თქვენს ჩართულობას საქართველოში მიმდინარე რეფორმებში. მადლობა ევროსაბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვენეციის კომისიას, ჩვენი ქვეყნის დახმარებისათვის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით და იმ კონსულტაციებისთვის, რომელიც თქვენგან მივიღეთ.

მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების. ყოველივე ამან შეგვაძლებინა ის, რაც გაკეთდა, იმისთვის, რომ ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. საქართველომ შეძლო ეფექტურად გაძღოლოდა ამ პროცესს და გაეკონტროლებინა ვირუსის გავრცელება. გვაქვს კარგი შედეგი ამ მიმართულებით. ჩვენმა სამედიცინო სამსახურებმა, მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება აძლიერებს საქართველოში დემოკრატიას და პირობას აძლევს საკუთარ ხალხსა და პარტნიორებს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი გაგრძელდება.

„ჩვენ მადლობას ვუხდით პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საელჩოებს საქართველოში იმ დახმარებისათვის, რომელიც მათ გაგვიწიეს როგორც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ასევე საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია ასევე ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში.

„დღისათვის ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც მოგვცა ეუთო/ოდირმა და ჩვენმა სახელმწიფომ დღეისთვის მოახერხა, რომ ყველა ეს რეკომენდაცია შესულიყო საარჩევნო კოდექსში.

საქართველო აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიის განვითარებისთვის, ჩვენ კიდევ მრავალი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ დღეს ყურადღებას ვამახვილებთ დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე ოქტომბერში და რასაკვირველია, ეს ყველაფერი არის მორგებული საარჩევნო კანონმდებლობაზე. ჩვენ, რასაკვირველია, გავითვალისწინეთ უსაფრთხოების ის საშუალებები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის პირობებში არჩევნებში მონაწილეობის მიღებისას დაიცავს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრას ეხება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ვენეციის კომისიის წევრებმა ოლივერ კასკიმ და  რიჩარდ ბარეტმა, დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა.

დატოვე კომენტარი