არჩილ თალაკვაძე - სამუშაო პროცესში როდესაც ყველა მხარეა ჩართული და რადიკალური ოპოზიცია არ ერთვება, მიუთითებს, რომ ისინი პოლიტიკურ იზოლაციაში არიან
არჩილ თალაკვაძე - სამუშაო პროცესში როდესაც ყველა მხარეა ჩართული და რადიკალური ოპოზიცია არ ერთვება, მიუთითებს, რომ ისინი პოლიტიკურ იზოლაციაში არიან

სამუშაო პროცესში როდესაც ყველა მხარეა ჩართული და რადიკალური ოპოზიცია არ ერთვება, მიუთითებს, რომ ისინი პოლიტიკურ იზოლაციაში არიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს რადიკალური ოპოზიციის კიდევ ერთი სისუსტე, არათანმიმდევრული მოქმედება და პასუხისმგებლობისგან გაქცევა.

„ისინი ამ წლების განმავლობაში ყოველთვის მიმართავდნენ პროცესების საბოტაჟს. რიგ შემთხვევაში, ეს იყო არჩევნების საბოტაჟი, დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრა, როგორც ეს ევროპარლამენტარებმა თქვეს და ახლა ეს არის საბოტაჟი ევრორეკომენდაციების წინააღმდეგ. რადიკალური ოპოზიცია როდესაც არ ერთვება სამუშაო პროცესში, მაშინ როდესაც სხვა ყველა მხარეა ჩართული, ეს მიუთითებს, რომ ისინი პოლიტიკურ იზოლაციაში არიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას რეალურად აღარ დარჩა საქმიანი საკითხები და აღნიშნა, რომ მათი დესტრუქციული დღის წესრიგი ამოწურულია.

„ამ თვეების განმავლობაში საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რამდენად ანტისისტემური და ანტისაზოგადოებრივი პარტიები არიან ოპოზიციის რადიკალურ ბანაკში. ფაქტია, რომ ძალიან არათანმიმდევრული განცხადებებით გამოირჩევიან. რასაც გუშინ ამბობდნენ, იმას დღეს უარყოფენ. ალბათ ღიმილისმომგვრელია, როდესაც ყველაზე ანტიდასავლური, პრორუსული და ანტისაზოგადოებრივი პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს ასეთ კომენტარებს ჩვენთან მიმართებაში. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო ამ წლების განმავლობაში ის, რომ ადამიანის უფლებები ქვეყანაში დაცულია. 60%-ით შემცირდა სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელები. საქართველომ მიიღო ევროკავშირთან უვიზო და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. საქართველოში ამ წლების განმავლობაში ჩატარდა ნატო-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები. ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები. მედია გახლავთ მრავალფეროვანი და ხშირ შემთხვევაში, კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. დასავლური სტანდარტები გახლავთ ეს: მედიის თავისუფლება, როდესაც დაცულია საკუთრება, როდესაც სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებები პრიორიტეტულია და როდესაც ქვეყანა ხელმძღვანელობს დემოკრატიული პრინციპებით, თავისი ეროვნული ინტერესებით. ზუსტად ამის საწინააღმდეგოს აკეთებენ ეს ადამიანები ოპოზიციიდან, ვინც დღეს ჩვენს მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთებას ცდილობს“, – განაცხადა თალაკვაძემ.