არჩილ თალაკვაძე - სამართლიანი მსაჯობა ვიდრე არ იქნება, დეპოლარიზაცია ვერ მოხდება და ეს ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რადგან ფეხბურთი ევროპაში უმაღლეს დონეზეა
არჩილ თალაკვაძე - სამართლიანი მსაჯობა ვიდრე არ იქნება, დეპოლარიზაცია ვერ მოხდება და ეს ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რადგან ფეხბურთი ევროპაში უმაღლეს დონეზეა

სამართლიანი მსაჯობა ვიდრე არ იქნება, დეპოლარიზაცია ვერ მოხდება და ეს ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რადგან ფეხბურთი ევროპაში უმაღლეს დონეზეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„დეპოლარიზაციაზე გეტყვით შემდეგს – წარმოვიდგინოთ, რომ ვუყურეთ ფეხბურთს და ერთი გუნდი მეორეს ძალიან აგრესიულად ეთამაშება, აკრძალული მეთოდებით, ფეხებში ჩარტყმით, მაისურზე დაქაჩვით და ა.შ. მოკლედ, წესებს არღვევს და ეს იწვევს მეორე გუნდის აღშფოთებას. ხომ გინახავთ ასეთი სცენა ფეხბურთის მოედანზე?! რა თქმა უნდა, ასეთ დროს დეპოლარიზაცია არის აუცილებელი, მაგრამ ვის შეუძლია დეპოლარიზაცია? დეპოლარიზაცია შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სამართლიან, მკაცრ მსაჯს; მსაჯმა უნდა თქვას სიმართლე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ევრორეზოლუცია გვეუბნება, ის, ვინც საქართველოს ფეხებში ურტყამს და მაისურზე ექაჩება, თურმე მართალია და ჩვენ უნდა გავჩუმდეთ, ჩვენ უნდა დავიხიოთ უკან და გავათავისუფლოთ კარი, რომ გოლი გაგვიტანოს იმ ხალხმა, ვისაც საქართველოს წინააღმდეგ უამრავი საქმე აქვს გაკეთებული. შესაბამისად, ვიდრე სამართლიანი მსაჯობა არ იქნება, დეპოლარიზაცია ვერ მოხდება და ეს ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, იმიტომ, რომ ფეხბურთი ევროპაში უმაღლეს დონეზეა. ჩვენ ველოდებით მსაჯების მხრიდან სამართლიან გადაწყვეტილებას. როგორც კი იქნება სამართლიანი გადაწყვეტილებები, პირველი, მეორე, მესამე, პოლარიზაცია მომენტალურად დამთავრდება“, –  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.