არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილი ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ჩაერთო პოლიტიკურ დიალოგში, გადადგა მართებული ნაბიჯები, რათა შემდგარიყო შეთანხმება
არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილი ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ჩაერთო პოლიტიკურ დიალოგში, გადადგა მართებული ნაბიჯები, რათა შემდგარიყო შეთანხმება

საქართველოს პრეზიდენტი ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ჩაერთო პოლიტიკურ დიალოგში, მან მართებული ნაბიჯები გადადგა, რათა ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით შემდგარიყო დიალოგი და შეთანხმება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებების პროცესში პოზიტიური როლი შეასრულა.

„მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ჩაერთო პოლიტიკურ დიალოგში. ვფიქრობ, მან მართებული ნაბიჯები გადადგა, რათა ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით შემდგარიყო დიალოგი და შეთანხმება. შესაბამისად, ჩვენ შორის, როგორც ინსტიტუტებს შორის ყოველთვის იყო სათანადო კომუნიკაცია და ვფიქრობ, რომ მან პოზიტიური როლი შეასრულა ამ პროცესში. რა თქმა უნდა, წინასწარ მე არ გავაკეთებ კომენტარს, თუ რა გადაწყვეტილებას გაახმოვანებს პრეზიდენტი, რადგან ის არ არის ვალდებული ასეთი გადაწყვეტილებები პარლამენტს შეუთანხმოს. დაველოდოთ ერთად, ვნახავთ, რა იქნება ინფორმაცია, რომელსაც ის გაუზიარებს საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დღეს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის სპეციალური განცხადება 16:00 საათზეა დაგეგმილი.